თენგიზ მალანია — სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-სასცენარო ექსპერიმენტული ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული, საბჭოთა საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული კინორეჟისორი გახლდათ. პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში უშუალოდ გიორგი ტოვსტონოგოვმა მიიღო. არის 40-მდე სხვადასხვა ფილმის ავტორი, კინოაკადემიის წევრია და მისი სახელი და გვარი უდიდეს რუსულენოვან ენციკლოპედიაშია შესული. დღეს მისი საქმიანობის ერთ მომენტზე შევჩერდებით. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ის მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმზე „იმ ქარცეცხლიან დღეთა ქრონიკა“ მუშაობდა და კრასნოგორსკის ისტორიულ არქივშიცაა ნამყოფი. ამ ფილმზე მუშაობის დროს კი ბევრ ისტორიულ პიროვნებას უშუალოდ შეხვდა.
- ბატონო თენგიზ, თქვენ მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილზე მუშაობდით, რას გაიხსენებდით?
— დიახ, ეს იყო ორსერიანი ფილმი „იმ ქარცეცხლიან დღეთა ქრონიკა“, რომლის რეჟისორიც ტელევიზიის პირველი არხის მთავარი რეჟისორი შოთა ქარუხნიშვილი იყო. ის თავის დროზე უნივერსიტეტში ტელევიზიის საქმეს მასწავლიდა. ახლა მეუხერხულება, მაგრამ როგორც წარმატებული სტუდენტი, ამ ფილმზე მე ამიყვანა. თუ არ ვცდები, ომის დამთავრების 30 წლისთავი იყო. მანამდე მთელი მასალა, როგორც წესი, მოსკოვში ინახებოდა, მოსკოვთან ახლოს არის ცნობილი ქალაქი კრასნოგორსკი, სადაც საკავშირო კინო-არქივი, ლამის მთელი კინო-ქალაქი იყო. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ. ომზე გადაღებულ ამერიკულ ფილმებში, მაგალითად „უცნობი ომი“, რომელიც ლანკასტერს მიჰყავს, სწორედ მაგ არქივიდან წაღებული ომის კადრებია. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი გამარჯვებული ქვეყანა იყო და მთელი ეს მასალა კრასნოგორსკში ინახებოდა. ჩვენ მიერ წამოღებული მასალებიდან ბევრი ქართველი ოპერატორების მიერ გადაღებული მასალაც იყო. ომის დროს ბერიას ხელმძღვანელობით იქმნებოდა კინოოპერატორების სპეციალური ბრიგადები, რომლებიც მისი დავალებით ფრონტზე მიდიოდნენ. მათ, ბუნებრივია, იცავდნენ, რომ ომის კადრები გადაეღოთ. ამიტომ იქ, 90% მართლა ბრძოლების ქრონიკა იყო. ასეთი ოპერატორები იყვნენ: წილოსანიძე, პოღოსოვი, რომელსაც კინოსტუდიაში მეც მოვესწარი. ქართულ ქრონიკაში ერთ-ერთი გამოკვეთილი თემა იყო ყირიმი, სადაც ქართველები იბრძოდნენ, მაგალითად გენერალი ლესელიძე, რომელიც ბრეჟნევთან ერთად იბრძოდა, უფრო სწორედ, ბრეჟნევის უფროსი იყო. ამ არქივში ქერჩის ბრძოლების ამსახველი ბევრი კადრი ინახება.
- ფილმზე მუშაობის დროს რომელიმე ისტორიულ პიროვნებას ხომ არ შეხვედრიხართ?
— არქივში დაცულია კადრი, სადაც ქართველმა მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგზე დროშა აღმართა. იმ დროს ქანთარია ცოცხალი იყო და ჩვენ ჩავწერეთ ეს კაცი. ახლა მოგიყვებით ამ ამბავს, რომელიც, შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს. პირველად როცა რაიხსტაგზე დროშა აღიმართა, ეს, რა თქმა უნდა, ქაოტურად მოხდა. ამის მერე კი გააკეთეს სპეციალური დადგმა, რომლის დროსაც ეგოროვმა და ქანთარიამ იქ დროშა აიტანეს. ეს ამბავი უშუალოდ ბერიას ხელმძღვანელობით მოხდა, თუმცა ვინ გადაიღო, არ ვიცი, ფაქტია, რომ რიგით ოპერატორებს ასეთ ოპერაციაზე არ გაუშვებდნენ. ჩვენ მაშინ ქანთარია, რომელიც აფხაზეთში, ოჩამჩირეში ცხოვრობდა, თბილისში ჩამოვიყვანეთ. ის არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობდა და გვიკვირდა კიდეც, რომ ასე მოკრძალებულად ცხოვრობდა. ძალიან უბრალო კაცი იყო, არც გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია, თორემ ალბათ რაღაც ჯილდოს მაინც მისცემდნენ. ჩვენ ასევე კონსტანტინე ლესელიძის შვილიც, ოთარ ლესელიძეც გადავიღეთ, რომელიც მამამისის მონაყოლს პირველი პირიდან ჰყვებოდა. პლეხანოვზე იყო საარტილერიო სასწავლებელი, სადაც ახლა სამხედრო ნაწილია, აქ მთელი ამიერკავკასიიდან ჩამოდიოდნენ. ჰოდა, თუ არ ვცდები, კონსტანტინე ლესელიძე სწორედ ამ სასწავლებლის დირექტორი იყო. ის გვიყვებოდა, როგორ უყვარდა ბრეჟნევს მისი ქართველი მეთაური, გენერალი ლესელიძე. ესეც საინტერესოა, რომ ომზე დაწერილ თავის წიგნში ბრეჟნევი თავის ქართველ მეთაურს მართლა თბილად იხსენებს. ბუნებრივია, საინტერესო იყო, რომ ლესელიძის ნამდვილ ამბებს წიგნებიდან კი არა უშუალოდ მისი შვილიდან, ოთარ ლესელიძიდან ვიგებდით.
- ბატონო თენგიზ, საბჭოთა გენერლებიდან თუ გადაიღეთ ვინმე?
— როცა მე და ქარუხნიშვილი მოსკოვში, ოსტანკინოში ჩავედით და გაიგეს, ასეთ ფილმზე ვმუშაობდით, უარს ვინ გვეტყოდა? ბრეჟნევის დავალებით მთელი საბჭოთა გენერლები და მარშალები ჩავწერეთ. მახსოვს, ოსტანკინოში საშვებს გვიწერდნენ, საშვთა ბიუროში მივდიოდი ხოლმე და გვარებს ვაწერინებდი. ერთხელ, როცა გენერლების გვარებს ვკარნახობდი, საშვთა ბიუროში მომუშავე ქალმა იხუმრა: მალე თქვენ ბრეჟნევზეც გამომაწერინებთ საშვსო. იმ გენერლებს შორის იყო მარშალი, გვარად ბატოვი, ტანმორჩილი კაცი, რომელზეც მერე ინფორმაციამ გაჟონა, რომ ლავრენტი ბერია სწორედ ამ ბატოვმა დააპატიმრა და სწორედ მან ესროლაო. არადა, ეს კაცი გადაღებული მყავს. თუმცა საბოლოოდ ბერიას დაპატიმრების შესახებ ბევრი ვერსიაა და სიმართლე არავინ იცის…
- ბატონო თენგიზ, თქვენ ცნობილი არქიტექტორი, ირაკლი ციციშვილიც გადაღებული გყავთ…
— დიახ, ჩვენ გადაღებული გვყავს არქიტექტორი ირაკლი ციციშვილი, რომელიც ჩვენთან მოვიდა და მოგვიყვა, თუ როგორ ააშენა უკრაინაში ცნობილი დნეპრის ხიდი. ეს ხიდი, კარგად იცით, რომ არქიტექტურაში ახალი სიტყვა იყო. სტალინმა ბრძანება გასცა, რომ იგი ძალიან სწრაფად აეშენებინათ. ირაკლი ციციშვილმა დაუჯერებელი რამ მოიფიქრა: რომ გაქანებული ომის დროს, ხიდის აშენება ორივე მხრიდან დაეწყოთ. მთავარი პრობლემა ის იყო, როცა მშენებლობას ორი მხრიდან იწყებდნენ, ამას ზუსტი გაზომვა სჭირდებოდა. სწორედ ამაშია ამ კაცის გენიალობა, რომ იმ ცეცხლის წვიმაში და ტყვიების ზუზუნში ისე გამოითვალა, რომ ყველაფერი ზუსტად გაკეთდა. ასე რომ, ასეთი რამ სწორედ ქართველმა მოახერხა და თანაც სარეკორდოდ მცირე დროში. საბოლოოდ ქართველის მიერ აშენებულმა ამ ხიდმა კიევის გათავისუფლებაში უდიდესი როლი ითამაშა, ამის გამო მას გმირობა მიანიჭეს. ომის შემდეგ ეს გენიალური და ულამაზესი კაცი „გპი“-ში ასწავლიდა და ჩვენ გადავიღეთ. მოკლედ, მე და შოთა ქარუხნიშვილმა, რაც ქართველებზე კრასნოგორსკის არქივში იყო, მთელი მასალა წამოვიღეთ და დღეს ეს ისტორიული კადრები საქართველოს არქივში ინახება.