თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პირველმა საჯარო სექტორში, ახალი საპილოტე პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ ჩაუშვა, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ინიციატივის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლები, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თვეში ერთი დღე მათზე დაკისრებულ მოვალეობებს სახლიდან შეასრულებენ.
სიახლის მიზანია თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა და ასევე დროის მოგება, რომელსაც თანამშრომლები სამსახურში მისვლისთვის ხარჯავენ, საწვავის ხარჯების შემცირება, გზებზე მოძრაობის განტვირთვა, უწყების კომუნალური ხარჯების ეკონომია და ა.შ.
ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი, აღნიშნეს სამინისტროში.
სამინისტროში აფხადებენ, რომ ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა ნოვატორობით გამოირჩევა. მისი არაორდინარულ ინიციატივებს, რომელიც ძირითადად განათლების მეთოდს ეხება, ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავარია ბავშვებისთვის კომფორტული პირობები შეიქმნას. მისი სიტყვებით, ბავშვებმა კი არ უნდა დაიზუთხონ, არამედ გააზრებულად ისწავლონ.