თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ხუთი ბომბის აფეთქების აუცილებლობის გამო 50 ათასმა მოსახლემ საკუთარი სახლები უნდა დატოვოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Rheinische Post–ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ბომბების აფეთქების ოპერაცია კვირას, სადილის შემდეგ დაიწყება და შეიძლება საღამომდე გაგრძელდეს.
„მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ჰანოვერში ეს ყველაზე დიდი ოპერაციაა“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა მიხაელ ხინტცმა.
ევაკუაციის პერიოდისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს აწყობს. კერძოდ, ბავშვები შეძლებენ მუზეუმების დათვალიერებას ან კინოში შესვლას. ასევე, ყველა მსურველს შეეძლება მიიღოს სამედიცინო დახმარება, სუპის პორცია ან ისარგებლოს გასაშლელი საწოლებით.
2016 წლის დეკემბერში ანალოგიურად ევაკუაცია გამოცხადდა აუგსბურგში. ქალაქის დაახლოებით 54 ათასი მცხოვრები იძულებული იყო, შობის დილას სახლები დაეტოვებინა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს დარჩენილი ბომბები უნდა აეფეთქებინათ.