თბილისი, 6 მაისი – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისა და საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.
მღებრიშვილმა დოლგოვს გააცნო შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთიანი მიდგომების შემუშავებასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შს მინისტრმა უკრაინის ელჩს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები და პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.
ასევე, საქართველოს შს მინისტრმა უკრაინელი კოლეგა — არსენ ავაკოვი საქართველოში პოლიციელის დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებაზე მოიწვია.