სვანური ლეგენდა „ბორის კახიანი“ და მისი ცხოვრებისა და გაუჩინარების დაუჯერებელი ამბები

© FB/ Manana Saghlianiმარცხნიდან: ვალოდია კახიანი, ბორის ჩართოლანი, ბორის კახიანი, ანზორ დადვანი და რამაზ ჯიშკარიანი
მარცხნიდან: ვალოდია კახიანი, ბორის ჩართოლანი, ბორის კახიანი, ანზორ დადვანი და რამაზ ჯიშკარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასზე მართლა დაუჯერებელ ამბებს ჰყვებიან, ამბებს, რომლებიც სიცოცხლის 35 წლის განმავლობაში მოასწრო. ალბათ, უფრო დიდხანს რომ ეცოცხლა, მასზე გავრცელებული მოსაზრება: „სვანეთს შვეიცარიად აქცევდაო“-ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იქცეოდა რეალობად.

სვანეთი დღეს რითიც  ფასობს — შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი, ბორის კახიანის დამსახურებაა. ბოლოს მესტიის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი იყო. იმ წყობის პირობებში თავისი კუთხისთვის მხოლოდ ერთეულებს თუ გაუკეთებიათ იმდენი ქართული საქმე, რამდენიც მას. ამის გამო არაერთხელ მოუწია მაშინდელ პარტიულ ჩინოვნიკებთან დაპირისპირება — ეს კი მაშინ გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული!..

მეტი დამაჯერებლობისთვის კონკრეტულ ამბებს შეგახსენებთ: 

მესტიის რაიონში ბორის კახიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაიგო ასფალტირებული გზა, გაყვანილი იქნა მაღალი ძაბვის ხაზები, უშგულში დაიდგა ტელეანძა, აშენდა სპორტულ-ახალგაზრდული კომპლექსები, კლუბები და ცენტრები. მისი დამსახურებაა, რომ საქართველოს მესტიის სპორტ-კლუბმა თავის დროზე კრივში, ჭიდაობასა და კლდეზე ცოცვაში  ქვეყნისა და საკავშირო ჩემპიონები გაუზარდა. თბილისში აშენდა სვანური კოშკები, მისი ინიციატივით სვანეთიდან ჩამოყვანილმა ახალგაზრდებმა აღადგინეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამწვარი შენობა… ამ ნუსხის გაგრძელება დიდხანს შეიძლება და უფრო მეტსაც გააკეთებდა, ასე ახალგაზრდა რომ არ დაღუპულიყო.

© FB/ Manana Saghlianiბორის კახიანი
ბორის კახიანი - Sputnik საქართველო
ბორის კახიანი

„მესტიის რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სპორტსმენი ბორის კახიანი 35 წლის ასაკში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა“- ეს ოფიციალური ვერსიაა, თუმცა, მისი გაუჩინარების არაოფიციალური ვერსიაც არსებობს და  მათ შორის ერთი, ცოტა არ იყოს, მისტიკურიც, მიუხედავად იმისა,  ვეთანხმებით მას თუ არა…

მასზე ამბების გასახსენებლად დავუკავშირდით მის ქვრივს, ქალბატონ რიგოლეტო კვიციანს, დას, ქალბატონ ეთერ კახიანს, ძმებს: ვალოდია კახიანსა და გულბაათ კახიანს. 

ბორის კახიანის ძმას, ვალოდია კახიანს ამერიკაში დავუკავშირდით:

- ბატონო ვალოდია, რას გაიხსენებთ თქვენს ძმაზე?

— ყველაფერი ვიცი და მახსოვს: ბავშვობა, სპორტი, სტუდენტობა, მუშაობა, „მოღვაწეობა'' იმ სირთულეებში და მისი ბოლო… ვგულისხმობ ტრაგიკულად დაღუპვას…

- ამბობენ, ხშირად მიდიოდა ხელისუფლების წინააღმდეგ, ოღონდ კი საქმე გაკეთებულიყოო…

— დიახ, ასეა. ალბათ, თქვენ მასზე ბევრი რამ იცით და ერთ ამბავს მეც გავიხსენებ… მახსოვს, მესტიაში, მჟავე წყლის შენობა სიბინძურით ივსებოდა, ბორიამ ის ხელისუფლების დაუკითხავად დაანგრია. მასზე დააშენა ბუნებრივი, ლამაზი ქვა და იქვე მიხეილ ხერგიანის ახალგაზრდული კლუბი ააშენა. ამის გამო მაშინდელმა რაიკომის პირველმა მდივანმა თათბირზე უსაყვედურა: შენ იქ ბანდიტების თავშესაფარს აკეთებო. ბორიამ უპასუხა, რომ მე იქ ახალგაზრდულ კლუბს ვაშენებო და რომელი ბანდიტი ჩამოვა, არ ვიციო. ამის მერე თათბირი დატოვა. ის მდივანი ადგილობრივი არ იყო.

- ბატონო ვალოდია, მისი სიკვდილის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს…

— რთული საკითხია, იყო ვერსიები, მაგრამ ჩემი აზრით, ამით სერიოზული დაინტერესება კომუნისტებისაგან არ იქნებოდა, იყო პირადი მუქარა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ თუ ამას გააკეთებდა, მაშინ მას ცოცხალს არ დატოვებდა ის ოჯახი. ამ მუქარას ჩვენი სახლის აივანზე ვისმენდი დედასთან ერთად — სხვა არავინ იყო…

- ალბათ, დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებთ?

— ვიტყვი, რომ იმ ამბის შემდეგ დავტოვე სვანეთი…

© FB/ Valodia Kakhianiბორის კახიანის ძმა ვალოდია კახიანი
ბორის კახიანის ძმა ვალოდია კახიანი - Sputnik საქართველო
ბორის კახიანის ძმა ვალოდია კახიანი

ჩვენ დავუკავშირდით რიგოლეტო კვიციანს, ბორის კახიანის ქვრივს, რომელიც ვაჟთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

- ქალბატონო რიგოლეტო, რას გაიხსენებდით თქვენი მეუღლის შესახებ?

— ალბათ, ისედაც იცით და მეც გავიმეორებ, რომ პირველად მან წამოიწყო საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია, ააშენა სპორტული კომპლექსები, მთაზე სატელევიზიო ანძა დაამონტაჟა. თბილისში, ლისის ტბაზე სვანური კოშკი ააშენა. გარდა ამისა, მსგავსი კოშკი ყოფილ ბორის ძნელაძის ქალაქშიც ააშენა, შემდეგ რიყეზეც, მაგრამ იქ დაანგრიეს. უამრავი რამის გახსნება შეიძლება…

- დღეს რაიმე თუ კეთდება მის სახელზე?

— რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ბორის კახიანზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო… როცა დაიღუპა, მაშინ აკადემიკოს გიორგი ანთელავას თაოსნობით ბორის კახიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაკეთდა და მან მუზეუმისთვის მთელი ფოტოები და უნიკალური მასალები უსასყიდლოდ მოამზადა. მის მიერ სვანეთშიგამოშვებული ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა. ბატონი გიორგი ბორიას 12 წლიდან იცნობდა, ის ბაკურიანში გაიცნო და მისი გარდაცვალების შემდეგ ბორიას სახელის უკვდავყოფა უნდოდა. ეს სახლ-მუზეუმი ბორიას წლისთავისთვის გაიხსნა. მისი დაღუპვის დღეებში მთავრობამ მის ეზოში სპეციალურად ამ მუზეუმისთვის სახლი ააშენა და ამის შემდეგ იგი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. აქ ბევრი ხალხი მოდიოდა. რამდენიმე წელია, რაც ეს სახლ-მუზეუმი უკვე აღარ არსებობს…

- ცნობილია, რომ ბორის კახიანმა სიკვდილამდე ორი წლით ადრე თქვენ გამოსამშვიდობებელი წერილი მოგწერათ, მკითხველს იქიდან ერთ ამონარიდს გავაცნობ:

 „ალბათ ვეღარასოდეს გნახავ ჩემო ერთადერთო და ნამდვილო სიყვარულო, რას იზამ, გამაგრდი და იცოცხლე ჩვენი ბავშვისთვის, როცა დიდი გაიზრდება, უთხარი სიმართლე ჩემი ცხოვრების შესახებ. კიდევ ერთხელ უკანასკნელად გეხვევი — შენი ბორია“ —რატომ მოგწერათ ასე? 

—  რა ვიცი, ასეთი იყო, რაღაც საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა და საკუთარი თავი უჩვეულოდ მიაჩნდა. სულ ამბობდა, ჩვეულებრივი ბუნების არ ვარო. ისეთ საქმეებს ვკიდებ ხელს, რომლის შესრულება შეუძლებელია და მერე ისე გამოდის, რომ მათ მოკლე ხანში ვასრულებო. რაც მან გააკეთა იმ ასაკში, ჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ, მართლა ვერ შეძლებდა… მახსოვს, როცა თბილისის ოპერის თეატრი დაიწვა, მან სვანეთიდან თბილისში 300 ახალგაზრდა ჩამოიყვანა და ოპერის აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. დილიდან ღამემდე საქმეებს აკეთებდა და კაბინეტში ფაქტობრივად არც შედიოდა!.. აგვისტოში მისი ხსოვნის დღე გვინდა აღვნიშნოთ და იმედია, ამაში ყველა გვერდით დაგვიდგება…

გულბაათ კახიანი, ბორის კახიანის ძმა:

— რას ვფიქრობ, იცით? ეს თემა სადღაც ფანტაზიის სფეროში უფრო გადადის. დღეს ამის გაგება და დაზუსტება ძალიან ძნელია. ეს იყო საბჭოთა პერიოდი, ერთ დღეს ბორია მანქანით გავიდა თავის მძღოლთან ერთად და გაუჩინარდა… სხვათა შორის, იმ წლებში საბჭოთა კავშირში ბევრი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მასთან ერთად მძღოლიც დაიკარგა და მასზეც არავის არაფერი სმენია. ამ ფაქტის შემდეგ დაახლოებით ორი წელი გავიდა და გაზეთ „პრავდაში“ ვნახეთ. ფოტოზე, სადაც ის იყო გამოსახული რამდენიმე კაცთან ერთად, „ТАСС» ეწერა. მისამართი ან ადგილმდებარეობა არ იყო აღნიშნული. ფოტოზე ავღანეთის ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ აღბეჭდილი და მათთან ერთად ისიც იყო. ფოტოზე გამოსახული იყვნენ ავღანური გარეგნობის ადამიანები და ეს ყველასგან განსხვავებული იყო და ბორიას ჰგავდა, ის გაზეთი ჩვენს ოჯახში დიდხანს ინახებოდა…

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ეთერ კახიანს, ბორის კახიანის დას.

- ქალბატონო ეთერ, თქვენ, ალბათ, თქვენი წილი მოგონებები გაქვთ ბატონ ბორისზე?

— პირდაპირ გეტყვით, რომ ბორიას სიკვდილით სვანეთში დასრულდა აღმშენებლობა, ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ერთიანობა, დაისადგურა უიმედობამ და სასოწარკვეთილებამ. შეწყდა სვანეთის კეთილდღეობისაკენ წინსვლა. ბორია ყველგან იყო, ყველაფერს ასწრებდა, როგორც მშენებლობაში, ასევე კულტურულ მოღვაწეობაში. ის სულ ხალხთან იყო და მათი კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავად შრომობდა. მან შემოიკრიბა სვანეთის ნიჭიერი ახალგაზრდობა. მამაჩემის დახმარებით თითქმის ყველა სოფლიდან მოდიოდნენ ახალგაზრდები. ერთი დასრულებული საქმიდან მეორეზე გადადიოდა და ასე მიიწევდა წინ დასახული მიზნისაკენ. 

- თქვენი ბავშვობიდან რა გახსენდებათ? 

© FB/ Ettie Kakhianiბორის კახიანის და ეთერ კახიანი
ბორის კახიანის და ეთერ კახიანი - Sputnik საქართველო
ბორის კახიანის და ეთერ კახიანი

— ბორია მოთხილამურე იყო და დილით ადრე, 5 საათზე დგებოდა. მეც მაღვიძებდა, თან შოკოლადს მაჩვენებდა — თუ სწრაფად ადგები, ეს შოკოლადი შენი იქნებაო. მეც ვდგებოდი და მერე სავარჯიშოდ მივდიოდით. იქ უკვე ახალგაზრდობა ელოდებოდა. მახსოვს, სახლიდან როგორ მიჰქონდა სამუშაო იარაღები და სხვა საჭირო ნივთები, რომლებსაც მერე ამაოდ ვეძებდით. ძალიან თბილი და მოსიყვარულე შვილი, ძმა და მეგობარი იყო. ბოლო თვეებში ძალიან გადაღლილი და სევდიანი მეჩვენებოდა, სულ ვეხვეწებოდი დაესვენა. ენგურივით სწრაფი და შეუპოვარი იყო. დაღუპვის წინა დღეს შევარდნაძესთან იყო მისული. სურდა, სვანეთის ხე-ტყიდან შემოსული თანხა სვანეთს მოხმარებოდა. ასევე სურდა კონტროლის დაწესება, რათა უნიკალური ხე-ტყე უმოწყალოდ არ გაჩეხილიყო. შევარდნაძე დაჰპირდა, რომ მალე რეზოლუციას ხელს მოვაწერო. საღამოს მატარებლით გაემგზავრა ზუგდიდში, სადაც მანქანა დახვდა. ბოლოს სოფელ ხაიშში ნახეს და სწორედ იმ დღეს გაქრა… ერთი წელი უშედეგოდ  ვეძებდით მდინარეში, მაგრამ ვერაფერს მივაგენით… მახსოვს,  ჩვენი სახლი საკმაოდ მოძველებული იყო და რადგან ბორია ხშირად თვითონ ადგენდა ნახაზებს, რათა მესტია გაელამაზებინა, ერთხელ ვთხოვე, რომ ჩვენი სახლიდან დაეწყო. მან კი მითხრა — დამაცადე, ნუ ხარ სულსწრაფიო. ჯერ სვანეთი პატარა შვეიცარიად უნდა გადავაქციო და მერე ჩვენს სახლსაც გავალამაზებო…  ასე ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლე…

ეს პუბლიკაცია, ალბათ, ბევრ კითხვას გააჩენს, მაგრამ მათზე პასუხის ძიება ჩვენი პრეროგატივა არ არის. ჩვენი მიზანია გავიხსენოთ უსამართლოდ მივიწყებული, მართლა თავგანწირული ადამიანი და მომავალ თაობებს მის მიერ გაკეთებული საქმეები გავაცნოთ. რეზიუმეში კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე საჭიროდ მაინც ერთი მიმაჩნია: კაცი, რომელმაც შეიძლება ითქვას, სვანეთისთვის თავი გასწირა, რომლის ბევრი სიკეთით დღემდე სარგებლობენ, უფრო მეტი დაფასებისა და ყურადღების ღირსია…  

 


ყველა ახალი ამბავი
0