თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტისთვის ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოთქვა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ჟენევის დისკუსიების მოქმედი ფორმატის აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კომიტეტმა 3 მაისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კონფლიქტის მხარე უწოდა.
"საქართველო, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. ჩვენი მონაწილეობა ჟენევის პროცესებში ემსახურება კონფლიქტის მოგვარებას კონსტრუქციული მიდგომების, საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად საერთაშორისო თანამეგორბობის ჩრთვით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – განაცხადა ჯანელიძემ TV Pirveli–ს ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს.
„რუსეთთან ურთიერთობებში ჩვენ გვაქვს სირთულეები და პრობლემები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ ეს მარტივი არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად პრობლემებისა, ხალხებს შორის შენარჩუნდეს მშვიდობიანი ურთიერთობები და ის დაპირისპირება, რომელიც ხელისუფლებებს შორისაა, ხალხზე არ გადავიდეს. ჩვენთან უამრავი ტურისტი ჩამოდის. ჩამოდიან რუსები და რწმუნდებიან, რომ ხალხებს შორის მშვიდობიან ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში.
მან ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ მუხლის შეტანის თაობაზე განაცხადა. ამჟამად ქვეყანაში კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ეს საკითხი ასახულია კონსტიტუციაში. ამას ეძღვნება ცალკე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში. იქ პირდაპირ წერია, რომ ჩვენი პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში შესვლა. ეს შავით თეთრზე წერია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და რუსეთსა შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოს გაწყვიტა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.