თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით თავის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, თბილისმა საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით. ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს მისწრაფება — ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა.
"საქართველო რეგიონსა და ამ სისტემაში დასავლეთის ინტერესების მთავარი დასაყრდენია. ამავდროულად, ჩვენ მოწადინებული ვართ, უზრუნველვყოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენს აღმოსავლეთ და სამხრეთით განლაგებული ქვეყნების წარმატებაში. სწორედ ამ განწყობით ვუყურებთ რეგიონულ დიალოგსა და კოორდინაციას — რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ფორუმის ორგანიზატორებია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტი.