თბილისი, 6 მაისი – Sputnik. გომბორის უღელტეხილზე, სავარუდოდ, გვირაბს ააშენებენ, იუწყება ტელეკომპანია „Imedi“.
ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, კახეთის ტურისტული განვითარების სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. განიხილება რამდენიმე საკითხი, მათ შორის რეგიონში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარება.
„გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში მოხდება საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, გეოლოგიური დამუშავება და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. კახეთი ცალკე ტურისტულ მიმართულებად უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა ამისთვის მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, კახეთში ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობაც იგეგმება, რაც ტურისტების მოსაზიდად და დასაინტერესებლად აუცილებელია.