თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 8 მაისს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება, ნათქვამია მთავრობის მეთაურის Facebook-გვერდზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან.
დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან დ აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი იმყოფებიან.
აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.
საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.