თბილისი, 29 აპრილი-Sputnik. თბილისში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლისთავთან დაკავშირებით პოლიტიკური ფორუმი გაიმართა, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირებმა, დიპლომატებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.
„მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და მის განსაკუთრებულობაზე. საქართველომ დასავლეთთან დაახლოება აირჩია და მას შემდეგ ამ გზიდან არ გადაგვიხვევია. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მუდამ გვერდში ედგა და მიუხედავად გარე და საშინაო გამოწვევებისა ჩვენ შევძელით ქვეყნის თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ გარდაქმნა,“ — განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი სიტყვებით აშშ საქართველოს ერთგულ მეგობრად და სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირედ მიიჩნევს.
„ჩვენ, ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვმსახურობთ ავღანეთში და ერაყში, შეგვაქვს ჩვენი წვლილი აფრიკის უსაფრთხოების მისიაში… ამას გარდა ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი,“- ხაზი გაუსვა კვირიკაშვილმა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„ჩვენ, ამერიკელებსა და ქართველებს მრავალი ფასეულობა გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ჩვენი ხალხის თავისუფალ არჩევანს და მზად ვართ ეს არჩევანი დავიცვათ. ამ 25 წლის მანძილზე ამერიკელ მეგობრებთან ერთად ბევრს მივაღწიეთ და დავიწყეთ ეფექტური, ევროპული სახელმწიფოს შენება“ — განაცხადა მარგველაშვილმა.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა „ამერიკის დღეები-2017“-მოეწყო გამოფენები და კინოჩვენებები, ასევე ფორუმები და დისკუსიები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე.