საქართველო-გერმანია: დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე და მეგობრობის გამტკიცება

© FB / МИД Грузииსაქართველოსა და გერმანიის წლის აღნიშვნა ბერლინში
საქართველოსა და გერმანიის წლის აღნიშვნა ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნებოდა.

მიმდინარე წელი საქართველოსა და გერმანიის წლად გამოცხადდა, რომელსაც, ქვეყნების გადაწყვეტილებით, 18 თვის განმავლობაში აღნიშნავენ. გერმანია ევროპული თანამეგობრობის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1992 წლის აპრილში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

გერმანიაში პირველი შეხვედრა მიხეილ ჯანელიძემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის კანცლერის მრჩეველთან, კრისტოფ ჰოისგენსთან გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"დღეს საქართველოში 350 გერმანული კომპანია უკვე წარმოდგენილია, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ასაქმებენ და ჩვენ კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ… გერმანია — საქართველოსთვის უმსხვილესი დონორია, 25 წლის განმავლობაში გერმანიამ საქართველოს 800 მლნ ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინა", — განაცხადა ჯანელიძემ.

შემდეგ გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში 2016 წლის ნოემბერში გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. მაშინ ქართველმა ჯარისკაცებმა, რომლებიც მისიაში "მტკიცე მხარდაჭერა" მონაწილეობენ, გერმანიის საკონსულოზე ტერორისტების შეტევა მოიგერიეს.

© facebook.com/mfageorgia საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი - Sputnik საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი

"1992 წლის აპრილში გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი საელჩო გახსნა თბილისში. საქართველოს მოსახლეობა იმ დროიდან მოყოლებული და მანამდეც ევროპაზეა ორიენტირებული — იმ დროს, როცა ევროპის ერთიანობას შიგნიდან ჰყავს სკეპტიკოსები, ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ხანდახან ევროპის გარეთ ევროპას უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ევროპაში. ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვაფასებთ იმ დიდ ძალისხმევას, რაც რეფორმების გატარების კუთხით საქართველომ გასწია", — განაცხადა გაბრიელმა.

მოგვიანებით მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და გერმანიის წლის საზეიმო გახსნაში, რომელიც ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფერენც-დარბაზ Weltsaal-ში გაიმართა და მას დაახლოებით 500 ადამიანი ესწრებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი - Sputnik საქართველო
საქართველომ გერმანიაში რეფორმებისა და სამხედროების სიმამაცისთვის ქება დაიმსახურა

"ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ღონისძიებას და საერთოდ, საქართველოს და გერმანიის წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პირადად მინისტრმა დაუჭირა მხარი. მისი მონაწილეობა, მხარდაჭერა — ეს საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესის, საქართველოსთან პარტნიორობის მომავალი გაღრმავების, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გამტკიცების გამოჩენაა, განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები და მომავლის გეგმები ჯანელიძემ გერმანიის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან განიხილა. კერძოდ, საგარეო უწყების მეთაური ეწვია გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრს (ZOIS).

მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ, რომელსაც სტაბილურობა და განვითარება მოაქვს. ამ წარმატებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის ერთგვარ მაგალითს წარმოადგენს, რადგანაც ევროპულმა არჩევანმა მოგვიტანა სტაბილურობა და განვითარება, ახალი შესაძლებლობები როგორც ევროკავშირთან, ისე აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით, განაცხადა ჯანელიძემ ZOIS-ის ცენტრში.

© facebook.com/mfageorgiaსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

გერმანიაში ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა გერმანული ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს, რომელიც მან ევროკავშირში ინტეგრაციის მსვლელობისას მიიღო და რომელიც წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს. აღინიშნა ბოლო დროს გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდა. 2015-2016 წლებში საქართველოს გერმანიის დაახლოებით 80 ათასი მოქალაქე ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0