თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას, მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ კონფერენციაზე.
გუშინ ბერლინში საქართველოსა და გერმანიის წლის საზეიმო გახსნა გაიმართა – დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის 18 თვის განმავლობაში აღნიშვნა გადაწყდა. ღონისძიებას დაახლოებით 500 ადამიანი ეწსრებოდა, მათ შორის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.
„საქართველო-გერმანიის წელი უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ვიდრე 12 თვე. 18 თვის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიაში 130-ზე მეტი საერთო ღონისძიება და პროექტი ჩატარდება. მხოლოდ ეს აჩვენებს თუ რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ჩვენი ურთიერთობები. წინ ძალიან საინტერესო წელი გველოდება“, – განაცხადა გაბრიელმა.
ცერემონიის გახსნამდე ჯანელიძემ და გაბრიელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„1992 წლის აპრილში გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი საელჩო გახსნა თბილისში. საქართველოს მოსახლეობა იმ დროიდან მოყოლებული და მანამდეც ევროპაზეა ორიენტირებული — იმ დროს, როცა ევროპის ერთიანობას შიგნიდან ჰყავს სკეპტიკოსები, ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ხანდახან ევროპის გარეთ ევროპას უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ევროპაში. ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვაფასებთ იმ დიდ ძალისხმევას, რაც რეფორმების გატარების კუთხით საქართველომ გასწია“, – განაცხადა გაბრიელმა.
მან ერთობლივი წარმატება უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა მიიღეს.
გაბრიელმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის და ავღანეთში, მაზარ–ი–შარიფის ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე აღნიშნა.
„ბევრმა გერმანიაში ალბათ არც კი იცის, რომ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე ტერორისტული თავდასხმის დროს სწორედ ქართველი ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც გერმანელებს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ამისათვის განსაკუთრებით დიდ მადლობას გიხდით და მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯაროდ, ხმამაღლაც განვაცხადოთ. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხანდახან გვავიწყდება, რომ რთულ ვითარებაში ჩვენც გვეხმარებიან. ის, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაგვეხმარა, განსაკუთრებით სასიხარულოა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტის მთავარ მიზნად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დაასახელა.
„გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში და გერმანია წლების განმავლობაში გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ნომერ მეორე დონორი სახელმწიფოა საქართველოსთვის. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს დ ჩვენ ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მან განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის მნიშვნელობა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებებით. ამასთან დაკავშირებით ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოყო გერმანიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოთი და დასძინა, რომ ქვეყანაში საქმიანობას დაახლოებით 380 გერმანული კომპანია აწარმოებს.
ჯანელიძის თქმით, საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყანა, გერმანიისთვის მიმზიდველი მოდელია; ხოლო საქართველოსთვის გერმანია ევროპულ სივრცეში პირველი სავაჭრო პარტნიორია.
თავის გამოსვლაში ჯანელიძემ ასევე აღნიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობეში. მინისტრმა გაიხსენა სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის, რომელმაც უკვე მასშტაბურ ციფრებს მიაღწია. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდებს შორის ცოდნის ამაღლებას, არამედ ემსახურება ეროვნებათაშორის ურთიერთობების გამტკიცებას.