თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ განაცხადა.
ჯანელიძემ შეხვედრები გამართა საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
„დღეს საქართველოში 350 გერმანული კომპანია უკვე წარმოდგენილია, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ასაქმებენ და ჩვენ კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ… გერმანია — საქართველოსთვის უმსხვილესი დონორია, 25 წლის განმავლობაში გერმანიამ საქართველოს 800 მლნ ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინა“, — განაცხადა ჯანელიძემ.
სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემართა. ოთხშაბათს ქართველი დიპლომატი სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის გახსნას ეძღვნება.
საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში, „Weltsaal“-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის პირველი დიპლომატები — მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი.
გარდა ამისა, ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი და წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია „მომავლის მემკვიდრეობა — 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია დისკუსია, რომლის მოდერატორიც იქნება გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი.
საქართველოში, 2017 წელს, პირველი გერმანული დასახლებების 200-წლისთავი და ასევე საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი აღინიშნება
გერმანია ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებიდან პირველი იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წელს ქვეყნებში დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა.
საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში.