თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ბელარუსს С ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ პრეპარატი "სოვალდი" გადასცეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. 2015 წლის მაისში საქართველოში С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ამ პროექტის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა. С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი პრეპარატებით ხორციელდება.
პრეპარატების გადაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, ვასილი ჟარკოს შეხვედრაზე განიხილეს.
„მხარეებმა ისაუბრეს C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე — უსასყიდლოდ გადასცეს ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „სოვალდი“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ითქვა, რომ დღეს საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტთა მკურნალობა შემდეგი თაობის მედიკამენტით მიმდინარეობს. ამდენად, „სოვალდის" დარჩენილი მარაგი ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება, აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე საქართველოს მთავრობამ პრეპარატი „სოვალდი“ სომხეთს გადასცა.
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.
C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასმა ადამიანმა იმკურნალა. მათგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 98%-ია, რაც ძალიან დადებითი პროცესია.
ბოლო მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დაფიქსირდა. სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 ათასი ადამიანის მკურნალობის დაფინანსება შეუძლია.