თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა, გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 მაისს 1994 წლიდან აღინიშნება.
"წლების განმავლობაში თქვენი პროფესიონალიზმით, შეუპოვრობით, ენთუზიაზმით, თქვენ შედექით რეალურ მეოთხე ხელისუფლებად. თქვენ შეძელით, რომ ერთდროულად შეგექმნათ საინფორმაციო ველი და საზოგადოებრივი განწყობა, თქვენ შეძელით ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი. რეალურად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს თქვენი ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს", — ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუციით გამოაცხადა.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ინიციატივა აფრიკის ქვეყნების ბეჭდვითი ორგანოების წარმომადგენლებს ეკუთვნის. თარიღი — 3 მაისი შემთხვევით არ არის შერჩეული — სწორედ ამ დღეს 1991 წელს ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში აფრიკული8 ქვეყნების დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებმა "ვინდჰუკის დეკლარაცია" მიიღეს, რომელიც მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებდა უზრუნველეყოთ პრესის თავისუფლება და მისი დემოკრატიული ხასიათი.
დეკლარაციაში ხაზგასმული იყო, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მოხსენების "პრესის თავისუფლება 2017" თანახმად, საქართველოს რეგიონში ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც ნაწილობრივ თავისუფალი მასმედიის საშუალებები აქვს. ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში 2017 წელს საქართველომ 50 ქულა მოაგროვა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 1 ქულით მეტია.