საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს მედიაომბუდსმენის თანამდებობის შექმნის იდეას

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველშვილი
გიორგი მარგველშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინადადებით გამოვიდა, საქართველოში შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის იდეას მედიაომბუდსმენის თანამდებობის შექმნის თაობაზე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

პრემიერი წინადადებით გამოვიდა, საქართველოში შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მასმედიის უფლებადამცველებით იქნება დაკომპლექტებული. პრემიერის ჩანაფიქრით, ახალი ინსტიტუტი ქვეყანაში მასმედიის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს, და ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის (Rustavi2) ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს შეისწავლის და შეაფასებს.

„მედიაომბუდსმენის შექმნის იდეა ცუდი არ არის, მით უმეტეს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის ქვეყანაში შექმნილი მედიაგარემოსთან მიმართებაში. თუმცა, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. პირველ რიგში ის, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვინმეს რაიმე ვუმტკიცოთ“, — განაცხადა მიშველაძემ.

თუ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას რაღაცის მამტკიცებელი რგოლი სჭირდება, ამას სჯობს კომისია შეიქმნას, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს, რა ხდება და რაღაცის მტკიცება უნდა დაიწყოს, დასძინა მან.

მისი თქმით, მედიაომბუდსმენის დანიშვნის პროცედურებიც მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მედიაომბუდსმენის შერჩევის კრიტერიუმები, თუ ვინ შეარჩევს ამ კანდიდატურას და როგორ, ვის დაქვემდებარებაში ან ვისთან უნდა იყოს მიბმული ეს რგოლი. მიგვაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს კავშირში სახალხო დამცველთან“, — განაცხადა მიშველაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

სიტყვის თავისუფლების თემა საქართველოში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ თითქმის ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0