საქართველოს გზებზე ავტომობილების სიჩქარეს ახალი კამერები დააფიქსირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი გზებზე პიკის საათის დროს
საცობი გზებზე პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გზებზე კონტროლის გამკაცრება უკვე მაისიდან დაიწყება, როდესაც გამოჩნდება ახალი ვიდეოკამერები, რომლებიც ავტომობილების სიჩქარეს აფიქსირებს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს გზებზე მაისში დაახლოებით 90 ახალი კამერა დამონტაჟდება, რომლებიც დააფიქსირებენ არა მხოლოდ დარღვევებს, არამედ დაადგენენ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარესაც, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

გზებზე დარღვევის აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მეთოდი ჯარიმების აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესება გახლავთ. პარლამენტმა უკვე მიიღო შესწორებები რიგ კანონებში, რომლებიც, გარდა ჯარიმების გაზრდისა, ასევე ითვალისწინებს დამრღვევების მიმართ სანქციების ახალი სისტემის შემოღებას. 1 ივლისიდან მართვის მოწმობაზე მძღოლებს ყოველწლიურად დაერიცხებათ 100 ქულა, რომლებიც თითოეულ დარღვევაზე შემცირდება.

"მაისში გზებზე 90-მდე კამერას დავაყენებთ, რომლებიც დააფიქსირებს არა მარტო დარღვევას კამერის წინ, არამედ გამოითვლის ავტომობილის საშუალო სიჩქარეს კამერიდან კამერამდე და სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს. ჯარიმების ადმინისტრირება გამკაცრდება", — განაცხადა ალავიძემ.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს

სულ ცენტრალურ ავტომაგისტრალებსა და რეგიონში არსებულ გზებზე 1 ათასი კამერის დაყენება იგეგმება.

"უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანაა. ჩვენი ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად დავაყენოთ ეს კამერები და ჩაერთოს ეს ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამისთვის მზად არის. პროექტი მაისში დაიწყება და შემდეგ წელს დასრულდება", — განაცხადა ალავიძემ.

სასჯელის გამკაცრება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში გახშირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ქვეყანა გზებზე სიკვდილიანობის მაღალი რისკის მაჩვენებლებით პირველ ათეულში შევიდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაშავდა.

შსს ვარაუდობს, რომ შესწორებების ამოქმედების შემდეგ მძღოლები უფრო ფრთხილად იმოძრავებენ და ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2016 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 5 035 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; აქედან 186 შემთხვევაში მძღოლი ნასვამი იყო. 2016 წელს სულ დაშავდა 7 325 ადამიანი, 409 — დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0