ვიყავი და ვიქნები საქართველოს სამსახურში!

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი ძალიან სერიოზული და სოლიდურია. ალბათ შეატყვეთ, რომ მასზე გაწყობილია ჭადრაკის დაფები, რომელიც პირადად ჩემში ცოტა შიშის და აღფრთოვანების გრძნობას იწვევს. საერთოდ არ ვიცი ამ შესანიშნავი თამაშის არც ერთი სვლა, სამაგიეროდ, ვინც ცოტა მაინც დაეუფლა მას, დღეს შეგიძლიათ ვირტუალურ ერთდროული თამაშის სეანსში მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენს დღევანდელ საოცარ სტუმართან არავირტუალურად შერკინებას კი ნამდვილად არ გირჩევთ, რადგან დღეს ვმასპინძლობთ ნამდვილ დედოფალს, ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონს, ქალთა შორის პირველ დიდოსტატს, პირველ დიდოსტატ ქალს მამაკაცთა შორის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, ქალთა შორის პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელს, მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს — შეუდარებელ და ლეგენდარულ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში.

ქალბატონ ნონას ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში ასწავლეს ძმებმა. უკვე 15 წლის ასაკში გახდა საქართველოს ჩემპიონი, 21 წლის ასაკში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სწორედ აქედან დაიწყო ქალთა ჭადრაკში 29-წლიანი „ქართული ჩემპიონობის პერიოდი“. ქალბატონი ნონა 16 წელი ატარებდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და შემდეგ ის გადასცა, თანაც რა ღირსეულად, ისევ ქართველ მოჭადრაკეს მაია ჩიბურდანიძეს.

არ შემიძლია არ დავიტრაბახო და ქალბატონ ნონასთან ორჯერ მაქვს ნათამშები… არა, რა თქმა უნდა, არა ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი – სოხუმში, დენდროპარკის დასასვენებელ სახლში. რაღა თქმა უნდა, მომიგო. არადა, წინა დღეს ბილიარდში ჩემს მამას მოუგო, რომელიც საკმაოდ ძლიერ მოთამაშედ ითვლებოდა. მამასი არ ვიცი, მაგრამ მე სულაც არ დამწყვეტია გული. მთავარი მოგება კი არ არის, მთავარი მონაწილეობაა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მეტოქე გყავს.

ქალბატონი ნონა დღესაც ფორმაშია. ის მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში და ისევ ვამაყობთ მისი წარმატებებით. ის 74 წლის ასაკშიც კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვეტერანთა ტურნირზე!

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი
მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი

ქალბატონმა ნონამ ერთხელ განაცხადა, რომ ვეტერანების ტურნირებში ასპარეზობა მისთვის სიცოცხლის გაგრძელებაა. ამბობს, რომ ის დღესაც ტურნირებზე გამარჯევებისთვის მიდის, პირველი ადგილი რომ აიღოს, მაგრამ უფრო დიდ სიამოვნებას მას თავად თამაშის პროცესი ანიჭებს.

ქალბატონი ნონა იხსენებს ერთ ეპიზოდს, როდესაც მისი სენიორების ტურნირში მონაწილეობისას ერთმა რუსმა მოჭადრაკემ დაიწუწუნა — რა იქნებოდა, ცხოვრებაში ნეტა ერთი მედალი მაინც ამაღებინაო. ქალბატონმა ნონამ მას ამ ტურნირში მოგებული თავისი მედალი აჩუქა. მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია.

ყველა, ვინც ქალბატონ ნონას იცნობს, ერთხმად უსვამს ხაზს მის თავმდაბლობას, უამბიციობას, უბრალოებას და საოცარ კეთილშობილებას.

საქართველოს ქალთა სკოლა მსოფლიოშია ცნობილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დანარჩენ ქართველ მოჭადრაკე ქალბატონებს არ ეწყინებათ, მათ შორის, ჩემ კლასელ მაია ჩიბურდანიძესაც, რომელიც ძალიან მიყვარს, თუ ვიტყვი, რომ ქალბატონი ნონა იყო და რჩება პირველი, და ის რომ არა, სავარაუდოდ, ქართული ქალთა საჭადრაკო სკოლა ასეთ წარმატებს ვერ მიაღწევდა. ის ყოველთვის წინ მიუძღოდა ჩვენს არაჩვეულებრივ მოჭადრაკე ქალბატონებს.

და, კიდევ, რაც განსაკუთრებით მხიბლავს ქალბატონ ნონაში, როგორ თავისუფლად ჰყვება ხოლმე თავის ძალიან იშვიათად დაშვებულ შეცდომებზე. მაგალითად, თურმე, 2005 წელს მამაკაც მოჭადრაკეთა ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატში მოგებამდე მას სულ ცოტაღა რჩებოდა, მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში ლიუბენ სპასოვთან საშინელი შეცდომა დაუშვია უკვე მომგებიან პოზიციაში. ეს იყო მეფით სვლა f7-ზე, რომელიც „დღემდე თვალწინ უდგას“. საკუთარი შეცდომების გახსენება და აღიარება მხოლოდ ძალიან დიდ ადამიანებს შეუძლიათ!

დღეს ქალბატონი ნონა თანამედროვე ქართველების ტოპ-ათეულში პირველ ადგილს იკავებს. მას უამრავი ჯილდო და რეგალია აქვს მიღებული, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ, ალბათ…

ახლა ერთ ძალიან გაცვეთილ ფრაზას ვიტყვი: მისთვის ყველაზე ფასეული არის ის, რომ ასე გვიყვარს, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე. ისეთი გრძნობა გვრჩება, რომ ყველა ვიცნობთ პირადად. ფრაზა მართლაც გაცვეთილია, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ასე უყვარხარ და ეამაყები შენს ხალხს…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ქალბატონი ნონასავით დიდებულ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0