— ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, პლასტელინით ძერწვა, ქაღალდისგან როგორც თოჯინების, ისე მათი ტანსაცმლის გამოჭრა. მძივებისგან, ლენტებისგან ვაკეთებდი ათასნაირ სამაჯურებს, ყელსაბამებს. შემდეგ ყაისნაღით ვისწავლე ქსოვა, მერე ჩხირებით, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ახლა კი ვერაფრით ვახერხებ ქსოვას, არ არის ეს ჩემი საქმე. დავდიოდი ხატვის წრეზე, ვაპირებდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას, მაგრამ ისე მოხდა, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული საგნების ფაკულტეტზე, ფერწერის განხრით.
– გახსოვთ რა იყო ის ნივთი, რომელიც პირველად შექმენით?
– იმდენად ღრმა ბავშვობიდან ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს, რომ პირველი ნივთი რა გავაკეთე, არ მახსოვს. ალბათ, ცოტა სერიოზული რაც იყო, 7-8 წლის ვიქნებოდი, მასწავლებელთან დავდიოდი, რომელიც მარილისა და ფქვილის ცომისგან სხვადასხვა ფორმების და თოჯინების გაკეთებას და გამოცხობას გვასწავლიდა (მაშინ არ იყო თვითშრობადი თიხა და მსგავსი მასალები). მახსოვს, პირველად ანგელოზი რომ გამოვაცხვე და გავაფერადე, უბედნიერესი ვიყავი, ძალიან მომწონდა. დედაჩემიც არ მიშლიდა სახლში მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას, პირიქით, ხელსაც მიწყობდა, რადგან მარტო ვერ გამოვაცხობდი ღუმელში.
– დღეს თქვენი ხელოვნების ძირითად ხაზი სამკაულებია. როგორ აირჩიეთ ეს მიმართულება?
— ჯერ დავიწყე დეკორატიული თიხისგან ყვავილების, ქოთნების, ყელსაბამების გაკეთება და, რატომღაც, საბოლოოდ სამკაულები ვარჩიე, ალბათ იმიტომ, რომ მეტი მოთხოვნა სამკაულზე იყო, ვიდრე დეკორატიულ ნივთებზე. თუმცა სამკაულები არ არის ჩემი ძირითადი და ერთადერთი საქმიანობა. უკვე 7-8 წელია ქორწილების დიზაინერი ვარ, ვმუშაობ ნინო ჟღენტთან და ანი ბოლქვაძესთან ერთად. ჩვენ ძალიან ბევრ ლამაზ და საინტერესო დიზაინს ვქმნით.
– რა მასალას იყენებთ სამკაულების შესაქმნელად?
— ვიწერ „ცივ ფაიფურს“ და ამით ვმუშაობ. მას ძალიან ნაზი და ლამაზი ფაქტურა აქვს. შეყვარებული ვარ ამ მასალაზე. ჯერ ვფიქრობ, რა ფერის უნდა იყოს ნივთი. ვურევ ფერებს ერთმანეთში, რომ სასურველი ფერი მივიღო. ეს ფერები ერთმანეთს უნდა უხდებოდეს. ამ პროცესს ცოტა დრო ნამდვილად არ სჭირდება. ვაკეთებ საყურის ან სხვა სამკაულის ბაზას, რის გაკეთებასაც ვაპირებ და ვიწყებ ყვავილების, ფოთლების და სხვა დეტალების ძერწვას. ყველაფერს რომ მოვამზადებ, მაგიდაზე განვალაგებ დაახლოებით კომპოზიციას და შემდეგ იწყება ჩემი საყვარელი ეტაპი – დეტალების აწყობა და დაწებება ბაზაზე. გაშრება და, აჰა, ნივთიც მზად არის.
– თქვენი სამკაული პატარ-პატარა დეტალებისგან შედგება. რთული არ არის მცირე ზომის ყვავილების გამოძერწვა?
— რაც უფრო პატარა და ციცქნა დეტალია, მით უფრო ძნელია მისი დამუშავება, ხშირად ხელში მეკარგება მასალა. წარმოიდგინეთ პურის პატარა ნამცეცებით რომ მუშაობდეთ, თან სწრაფად უნდა დაამუშაო, თორემ მალე შრება და ფუჭდება მასალა, მით უმეტეს, როცა მცირე ზომისაა. თავიდან ვმუშაობდი გარკვეული ხელსაწყოებით, შემდეგ რამდენიმე პროფესიონალური ხელსაწყო შევიძინე. ძალიან პატარა დეტალების შესაქმნელად ქინძისთავს ვიყენებ. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ისე შემიყვარდა ამის კეთება, რომ ვეღარ ვჩერდები.
– როგორ ახდენთ თქვენი ხელნაკეთი სამკაულების რეალიზაციას?
– ჯერჯერობით მხოლოდ „ფეისბუქის“ საშუალებით. მაქვს გვერდი — Sofo’s handmade, სადაც მიდევს ჩემი ნამუშევრები და შეკვეთებზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ბაზარზე დამკიდრება ადვილი არ არის. ყველაფერი მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა.
– რა უნარ-ჩვევებია აუცილებელი წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, ადამიანს ძალიან უნდა უყვარდეს თავის საქმე. რასაც აკეთებ, მთელი გული და ენერგია უნდა ჩადო იმ საქმეში. ჩემი აზრით, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, დაუღალავი შრომის გარეშე ვერაფერს შეძლებს.
– გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
— გამოფენაში ახლახან მივიღე მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა. სამწუხაროდ, ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი.
– როგორ ფიქრობთ, საქართველოში ხელნაკეთ ნივთებს შესაბამისად აფასებენ?
— არა, საქართველოში არ ფასობს handmade. ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, ალბათ, უბრალოდ ქვეყანაში არ არის ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ამ საქმეს ცოტა გასაქანი მიეცეს. თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის იარსებებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უყვართ საავტორო ნივთები და ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმზე, თავისი სიამოვნებისთვის, მთელი გულითა და სიყვარულით ქმნიან, რაღაც განსაკუთრებულ ნივთებს.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– გეგმები, რა თქმა უნდა მაქვს. მინდა ცოტა გავფართოვდე, წინ წავიწიო და უფრო მეტ ადამიანს გავაცნო და მოვაწონო ჩემი შექმნილი ნივთები. ვნახოთ, რა გამოვა, სწრაფად და მარტივად არაფერი ხდება, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა…