თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში გასულ წელს 2015 წელთან შედარებით ფასების ზრდის ტემპები შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშში.
ეროვნული ბანკი ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს თავის ანგარიშს, სადაც შეჯამებულია პრიორიტეტული მიმართულებებით ჩატარებული სამუშაო და შეფასებულია ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
წლიური ინფლაციის დონემ 2016 წელს 1,8% შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ზრდის, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდისა და ლარის გაუფასურების გამო ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა დაფიქსირდა, 2016 წელს სიტუაცია დასტაბილურდა და ინფლაციის დონე შემცირდა.
2016 წელს ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის კიდევ ერთ მიზეზად ეროვნული ბანკი ასახელებს სუსტ შიდა მოთხოვნას, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგს წარმოადგენდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას ეროვნული ბანკი იმპორტირებული პროდუქტების ფასების დინამიკას უთმობს, რადგან საქართველოს სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს.
თუ გასული წლის დასაწყისიდან, ლარის კურსი სტაბილური იყო და მყარდებოდა, იმპორტზე ფასები მცირდებოდა, დეკემბრის ბოლოს ინფლაცია შემოტანილ პროდუქციაზე 1,6% შეადგენდა, ხოლო საერთო ინფლაციაში მისი წილი 0,3%-ს შეადგენდა, ხოლო ნოემბერში ეს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და 0,7 %-ს შეადგენდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამაზე საწვავის ფასის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ იმოქმედა.
რაც შეეხება საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, მასზე ფასები მცირდებოდა, რასაც ეროვნული ბანკი დაბალი შიდა მოთხოვნით ხსნის, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპით არის განპირობებული.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2016 წელს შემცირდა ფასები ხანგრძლივი და საშუალო ვადიანი მოხმარების პროდუქტებზე, ხოლო მოკლევადიანი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე — გაიზარდა.