თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ვაჟს თბილისში 2015 წლის მარტში ავტომობილიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს, ნათქვამია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აპრილში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კოტე იოსელიანმა განაცხადა, რომ ირაკლი სესიაშვილის ვაჟმა დავითმა, მიმდინარე წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს–ი). სამსახურის დაწყების წინ, პროცედურების გავლისას, მას აუღეს თითების ანაბეჭდი, რომელიც დაემთხვა თბილისში ავტომობილიდან ქურდობის საქმეზე თანდართულ ანაბეჭდებს. მისი თქმით, ამის შესახებ იცოდა როგორც სუს–ის უფროსმა, ისე ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, თუმცა მათ თითქოსდა მიჩქმალეს საქმე. მოგვიანებით ირაკლი სესიაშვილმა იოსელიანის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა, სადაც ის ტყუილში დაადანაშაულა.
პროკურატურის მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 15 მარტს სიონის ქუჩაზე საგამოფენო დარბაზ "ქარვასლასთან" ახლოს მოხდა. ჩანთა, რომელიც მოგვიანებით მოიპარეს, ნიკოლოზ სანაიას კუთვნილ მანქანაში თამარ წილოსანმა დატოვა და მეგობრებთან ერთად გამოფენაზე წავიდა. გამოფენიდან დაბრუნებულმა, მან მანქანაში ვერ აღმოაჩინა ვერ ჩანთა, ვერც მასში არსებული ნივთები, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენდა.
მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.
გამოძიებამ რამდენიმე მოწმე და თავად დაზარალებული დაკითხა, რის შედეგად დადგინდა, რომ დავით სესიაშვილი სანაიას ბავშვობის მეგობარი და წილოსანის ნაცნობია.
სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული "Volkswagen Vento"-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დავით სესიაშვილმაც.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სიონის ქუჩაზე, როდესაც მოხდა ქურდობა, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე.
"ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს თ. წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან", — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგენილ იქნას ქურდობის ჩამდენი პირი.