მთავარ პროკურატურას სუს-ის უფროსის მოადგილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

გამოწერა
ოპოზიცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ქონების კანონიერების შესწავლას მოითხოვს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მთავარ პროკურატურას  საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ქონების შესწავლის მოთხოვნით მიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

კვირას ტელეკომპანიის ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომლის თანახმად, 2016 წელს გოგაშვილის ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე  კახეთის სხვადასხვა სოფელში  175 ჰექტარზე მეტი ფართობის ცხრა მიწის ნაკვეთია გაფორმებული, მარტყოფლიშვილის სახელზეა ასევე თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინა. თავად გოგაშვილის ცოლისდა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, გოგაშვილის ოჯახი კი 2013 წლამდე სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა. 

სვანიძის ქუჩა, წყალდიდობა - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მოსამართლის ძმასთან „მილიონიან გარიგებას“ კანონიერად მიიჩნევს

 „სახეზეა კორუფციული სქემის კლასიკური მაგალითი. ადამიანი, რომელიც 2013 წელს სოციალურ დახმარებას იღებდა, თანამდებობაზე დანიშვნისა და საჯარო სამსახურში მოწყობის შემდეგ დიდი ქონების პატრონი გახდა. აქ შეიძლება უკანონო სიმდიდრესა და კორუფციულ დანაშაულებებზეც იყოს საუბარი. როგორც მინიმუმ, პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს“, — განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, თბილისში გოგაშვილი სამსართულიან სახლს ფლობს, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ არის. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გოგაშვილმა სახლი 2016 წელს ბანკის კრედიტით ცოლისდისგან — ნინო მარტყოფლიშვილისგან იყიდა.

გოგაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლისკენ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამაც. 

 „საგამოძოებო ორგანოებმა საქმე უნდა აღძრან და ძიება დაიწყონ, შემდეგ კი მტკიცებულებებით დაამტკიცონ, მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციულ გარიგებებს“, — განაცხადა კორძაიამ.

ოპოზიციონერ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოძრაობა თავისუფლებისთვის —ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

იოსებ გოგაშვილი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა. სწორედ მაშინ შეიქმნა აღნიშნული უწყება. მანამდე გოგაშვილს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0