კოლა ბელდი - საბჭოთა კავშირის „მთავარი ჩუქჩა“

© photo: Sputnikკოლა ბელდი
კოლა ბელდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანდება… არ გაგეცინოთ და როგორც მას ეძახდნენ — საბჭოთა კავშირის მთავარი „ჩუკჩა“, „ჩუკოტკის ბულბული“, სინამდვილეში კი წარმოშობით ნანაელი (შესანიშნავი ჩრდილოეთის ხალხის წარმომადგენელი), საოცრად პოზიტიური და ნიჭიერი კაცი ნიკოლაი (კოლა) ბელდი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1929 წლის 2 მაისს. შეიძლება მისი სახელი და გვარი არც გახსოვდეთ ან სწორად ვერ წარმოთქვამდეთ, მაგრამ მისი სიმღერა, დარწმუნებული ვარ, არ დაგავიწყდებოდათ:

თქვენი არ ვიცი და მე ამ კარგ და გულწრფელ კაცს ნამდვილად დაუფიქრებლად გავყვებოდი ტუნდრაში…

ხომ არსებობენ ადამიანი-დღესასწაულები? აი, კოლა ბერდი ნამდვილად ასეთი იყო.

1984 წელს ცოტა გულმა მიმტყუნა და ვიწექი მოსკოვის ბაკულევის სახელობის კლინიკაში, რომლის დირექტორი იყო შესანიშნავი თბილისელი კაცი ვლადიმერ (ვოვა) ბურაკოვსკი. ჩემდა ბედად სწორედ მაშინ მოათავსეს იქ კოლა ბელდი და ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, არაჩვეულებრივი ვერა ალენტოვა, რომელიც ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ მთავარ როლს ასრულებს და გოგას (იგივე გოშას) ერთ ისტორიულ ფრაზას ეუბნება — „სად იყავი ამდენ ხანს?“, რომელიც ყველა ქალს, ჩემი ჩათვლით, ფილმის მიწურულში გულს უჩერებს…

ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ საავადმყოფოში ასე კარგი თუ იყო წოლა, იქამდე არ ვიცოდი. კოლასთან სულ სტუმრები დადიოდნენ, მასთან სულ საჩუქრები და დელიკატესები მოჰქონდათ, ის კი ყველაფერს ავადმყოფებს და ექიმებს უნაწილებდა. საოცრად გულიანი და თბილი კაცი იყო. რომ გაეწერა, ყველა ცოტათი უარესად გავხდით, და ვერა ალენტოვასთან ერთად უფრო მოვუხშირეთ მოსაწევად სიარულს…

კოლა დაიბადა შორეული ხაბაროვსკის მხარის სოფელ მუხაში. ის ადრე დაობლდა და ინტერნატში მოხვდა, საიდანაც ფრონტზე გაიქცა – ვაგონის ქვეშ, ყუთში დაიმალა, სადაც სამხედრო მეზღვაურებმა შემთხვევით იპოვეს. ორი წელი მოიმატა და იუნგადაც მოხვდა წყნარი ოკეანის ფლოტში.

კოლას ბავშვობიდან ლამაზი და ძლიერი ხმა ჰქონდა, ის მონაწილეობდა თვითშემოქმედებაში, შემდეგ წყნარი ოკეანის ფლოტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში. მაგრამ ნამდვილ წარმატებას მიაღწია 1957 წელს, როდესაც მოსკოვის ახალგაზრდული ფესტივალის ლაურეატი გახდა. მას ყურადღება თავად საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა ეკატერინა ფურცევამ მიაქცია და მომღერალი მოსკოვში გადმოიყვანა.

კოლა ყველა დანარჩენი შემსრულებლისგან განსხვავდებოდა თავისი თვითმყოფადობით და საოცარი გულწრფელობით. მან პირველად შემოიტანა ესტრადაზე ნანაის მხარის ეთნიკური მუსიკის ჰანგები, ხშირად ასრულებდა შამანების გათანამედროვებულ სიმღერებს და სცენაზე უმეტესად ეროვნულ კოსტიუმში გამოდიოდა. მის კონცერტებზე ყოველთვის ანშლაგი იყო. კრიტიკოსების შეფასებით, მაყურებელს ატყვევებდა კოლას ულამაზესი სცენური კოსტიუმები, ხმის არაჩვეულებრივი ტემბრი, შესრულების განსხვავებული მანერა. და ეს მხოლოდ იმიჯი არ იყო, კოლა — მსახიობი არაფრით არ განსხვავდებოდა კოლა — ადამიანისგან. საოცრად აზარტული იყო და ტემპერამენტიანი, ყოველთვის განსაკუთრებით ამაყობდა იმით, რომ ჩრდილოეთის 26 მცირე ხალხის ხელოვნების წარმომადგენელი იყო.

1972 წელს კოლა ბელდიმ შეასრულა მის რეპერტუარში ყველაზე პოპულარული სიმღერა „წაგიყვან ტუნდრაში“. თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მან ჩაწერა 7 ფირფიტა, გასტროლებით მოიარა 46 ქვეყანა, 1973 წელს კი გახდა პოლონეთის სოპოტის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ის ასევე გამოდიოდა საფრანგეთის ცნობილ დარბაზ „ოლიმპიაში“, ხოლო ქალაქ მეზენის მერმა მას „ჩრდილოეთის ოქროს ხმა“ უწოდა…

კოლა ბელდის სამი მუღლე ჰყავდა. მისი პირველი მეუღლე – ნინა მასზე 15 წლით უფროსი იყო. 15 წლის თანაცხოვრების შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მეორე მეუღლე – ლარისა კოლაზე 5 წლით უფროსი იყო და ისინი 23 წელი იყვნენ ერთად, სანამ 1989 წელს ლარისა არ გარდაიცვალა. თავისი მესამე მეუღლე ოლგა, რომელიც კოლამ სანქტ-პეტერბურგში გაიცნო, მასზე 30 წლით უმცროსი გახლდათ. ოლგას თქმით, მას კოლა პირველივე დანახვით შეუყვარდა, ხოლო კოლამ მას ცოლად გაყოლა გაცნობიდან მეორე დღესვე სთხოვა.

1991 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი — ელენა. ამბობენ, რომ კოლა არაჩვეულებრივი მამა იყო, მაგრამ არ დასცალდა, 2 წლის შემდეგ ის მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტისგან.

ეს რომ გავიგე, მართლა საოცრად დამწყდა გული, ღირსეული კაცი იყო – შიგნიდან თითქოს ანათებდა…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და კოლა ბელდისავით ბავშვურად გულწრფელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0