უცხოურ პრესაში უკვე გაჩნდა ამ სპექტაკლის გამოხმაურება. „არგუმენტი ი ფაქტის“ ინტერნეტ-გამოცემა აღნიშნავს: „რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ მაყურებელს სპექტაკლის მახვილგონივრული გადაწყვეტა შესთავაზა… ჩვენ არა მხოლოდ შესაბამის პატივს მივაგებთ ჩეხოვის არაჩვეულებრივი მინიატურების სცენურ განსახიერებას, არამედ ვხდებით იმის მოწმეებიც, რასაც კულისებში, რეპეტიციებს შორის აქვს ადგილი, სადღაც გამოგონილ, სადღაც რეალური ურთიერთობების დროს, არა მხოლოდ პერსონაჟების, არამედ თავად სპექტაკლის შემქმნელებს შორის. როგორ?— გენერალურ რეპეტიციაზე. ასეთია გაგა გოშაძის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები“, – წერს „არგუმენტი ი ფაქტი“.
თეატრში საკმაოდ ახალგაზრდა მოვიდა. მანამდე სხვადასხვა სფეროში სცადა თავი: სპორტი, მუსიკა, კინოოპერატორობა. 1994-1997 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი იყო. გავლილი აქვს რობერტ სტურუას მასტერ-კლასი. ნამუშევარია სხვადასხვა თეატრებში – ვაკის სარდაფი, გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი, რუსთაველის თეატრი, ასევე ბათუმსა და ფოთში. ომსკის თეატრში წარმატებით განახორციელა „კავკასიური ცარცის წრე''. 2010 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგია, არის ილიაუნის თეატრის რეჟისორი. გაგა გოშაძეს უნივერსიტეტში დავუკავშირდით.
– ბატონო გაგა, გილოცავთ ამ გამარჯვებას. მოდით, გავიხსენოთ, რა იყო გზის დასაწყისში. ამბობენ, ადამიანის მეხსიერებაში ყველაფერი ბავშვობიდან ილექებაო, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?
— ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. თეატრსა და ხელოვან ადამიანებთან შეხება ბავშვობაშივე მომიხდა, რადგან ჩემი ბაბუა რეჟისორი იყო და რამდენიმე თეატრში მუშაობდა. რუსთავის თოჯინების თეატრი მისი დაარსებულია. დედაჩემი იმავე თეატრში რეჟისორის თანაშემწე იყო. თეატრთან ერთად მათ გასტროლებზე მეც დავყავდი. მამის, ზურაბ გოშაძის თბილისზე დაწერილ ლექსებზე ბევრი ცნობილი სიმღერაა შექმნილი.
– თავიდან თქვენი ინტერესთა სფერო იყო სპორტი, მუსიკა, კინოოპერატორობა…
— დიახ, ამის შემდეგ რეჟისორობის სურვილი გამიჩნდა და ტელედადგმების სარეჟისორო დავამთავრე, მაგრამ ბოლოს ყველაზე კარგად თეატრში ვიგრძენი თავი.
– ბევრი თეატრის სცენაზე გაქვთ სპექტაკლი დადგმული და უფრო წარმატებულ ნამუშევრად რომელს დაასახელებდით?
— დავასახელებდი ომსკის თეატრს, სადაც მე, 21 წლის რეჟისორს მთხოვეს სპექტაკლის დადგმა, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მაშინ მათ ქართველი დრამატურგების პიესები შევთავაზე, არც ერთი არ მოეწონათ, ამის შემდეგ კი რობერტ სტურუას მთელი რეპერტუარი გავუგზავნე, რის შემდეგაც გამოთქვეს სურვილი, რომ „კავკასიური ცარცის წრე“ დამედგა. სხვათა შორის, ამ სპექტაკლმა მაშინ მნიშვნელოვანი ჯილდოები მიიღო.
– განსაკუთრებულად მინდა შევჩერდე „ანტიგონეზე“, სადაც საქართველოსთვის დღემდე აქტუალური ერთგვარი დილემაა – კანონის უზენაესობა თუ პიროვნული თავისუფლება.
— თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ „ანტიგონე“ თეატრის კრიტიკოსთა კავშირმა 2014/2015 წლების საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად გია როინიშვილი დასახელდა. ეს პიესა დღესაც რომ ძალიან აქტუალურია, ამიტომ დავდგი. აქ ერთმანეთს ორი სიმართლე ეჯახება – ერთ მხარეს დგას პიროვნული თავისუფლება, მეორე მხარეს — კანონი და მორალი. ეს ორი სიმართლე რომ ეჯახება ერთმანეთს, პრობლემაც სწორედ ესაა. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ჩემ ვერსიაში ერთმანეთის პირისპირ ორი სიმართლეა და ეს კი თავისთავად ტრაგედიაა.
– სიტყვამ მოიტანა და ქართველებს საკითხი, რა არის პიროვნული თავისუფლება, ბოლომდე ვერ გაგვიაზრებია…
— გეთანხმებით, ისევე, როგორც არ ვიცით ისიც, რა არის კანონი. ორივე შემთხვევაში ძალიან გვიჭირს… „ანტიგონეში“ ერთი ასეთი ფრაზაა, რომელსაც კრეონი წარმოთქვამს. როცა ჰემონი მას მიმართავს, შენ ხომ მბრძანებელი ხარო, მისი პასუხი ასეთია: „მე მბრძანებელი ვარ კანონის გამოცემამდე, მაგრამ მისი გამოცემის შემდეგ ამ კანონის მონა ვარ“. ვფიქრობ, სანამ კანონი არ იკანონებს და იგი ერთი და იგივე არ იქნება მეფისა და მეეზოვისთვისაც, მანამდე ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება.
– ამ მიმართულებით თუ აპირებთ რომელიმე კლასიკოსის ასეთივე აქტუალური პიესის სცენაზე დადგმას?
— ასე კონკრეტულად არა, მაგრამ იდეაში შექსპირიც მაქვს. კლასიკაზე სულ ფიქრობს რეჟისორი, იმიტომ რომ ის ყველაზე გემრიელი და მსუყე ნაჭერია.
– თქვენ ლექციებსაც კითხულობთ და, მაინტერესებს, ამ „სცენაზე“ როგორ გრძნობთ თავს?
— ძალიან მიყვარს ჩემი სტუდენტები და მინდა, რომ ამას თავადაც გრძნობდნენ. მე როგორი ლექტორი ვარ, ეს ალბათ უფრო ჩემს სტუდენტებს უნდა ჰკითხოთ. ახლა ლექციაზე ვარ და იგივეს ვეკითხები… მპასუხობენ, რომ მკაცრი არა, მაგრამ ობიექტური და მომთხოვნი ვარ.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება რა ჟანრის პიესას ჰგავს?
— მე მგონი, უფრო დრამაა, სადაც ყველაფერია ერთად…
– დაასრულეთ აზრი: თეატრი — ადგილია, სადაც…
— სადაც სასწაულები ხდება! პრემიერა თავისთავად სასწაულია. წარმოიდგინეთ, თავიდან არაფერია და მერე მისგან რაღაც იქმნება… მართლა სასწაულია!