თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე გახდა კახი ბექაური, რომელიც კომისიის წევრი 2014 წლის იანვრიდან იყო.
ბექაურის კანდიდატურას მხარი კომისიის ხუთივე წევრმა დაუჭირა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბექაურის წინამორბედი ვახტანგ აბაშიძეს იყო, რომელიც კომისიას 2014 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას 2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინი9სტრის წარდგინების შემდეგ. შემდგომ კომისიის წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს, სამი წლის ვადით.
კახი ბექაური დაიბადა 1969 წლის 7 სექტემბერს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
მრავალი წლის განმავლობაში ბექაური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 2000-2002 წლებში იყო "საქტელერადიომაუწყებლობის" თავმჯდომარის მოადგილე ფინასური დარგში.
2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005-2010 წლებში სადისტრიბუციო კომპანია Other Entertaiment Limited-ის გენერალური დირექტორი იყო.
მოგვიანებით ბექაური "მაესტროს" გენერალური დირექტორი გახდა, სადაც 2011 წლამდე იმუშავა, 2012 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით "მეცხრე არხს" ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი 2014 წლის 24 იანვარს გახდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.