თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ოფისში დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, იუწყება სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
წილისყრის შედეგებით გამოვლინდა შემდეგი წყვილები:
„შევარდენი 1906“ – „ტორპედო“
„ჩიხურა“ – „დილა“
„იმერეთი“ – „ნორჩი დინამო“
„რუსთავი“ — თბილისის „დინამო“
საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში მესამე ლიგის ერთბაშად სამი გუნდი მოხვდა — „იმერეთი“ (ხონი), „შევარდენი 1906“ (თბილისი) და „ნორჩი დინამო“ (თბილისი).
კიდევ ერთი გუნდი — „რუსთავი“, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგას წარმოადგენს, დანარჩენი ოთხი კლუბი კი ეროვნულ ლიგას.
მეოთხედფინალის მატჩების თარიღები გამოცხადდება მოგვიანებით. სფფ-ის გენერალური მდივნის დავით მუჯირის თქმით, თამაშები გაიმართება მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე დასრულდება (22 ივნისს).
მეოთხედფინალის მატჩების თარიღები ასევე დამოკიდებულია იმაზე, უეფას ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში როგორ იასპარეზებენ „ტორპედო“ და „ჩიხურა“.