საქართველოში "მწვანე ეკონომიკის" სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

© FB / Министерство экономики Грузии"მწვანე ეკონომიკის" სტრატეგიის განხილვა
მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის განხილვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ეკონომიკის იმგვარად განვითარებას, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა "მწვანე ეკონომიკის" სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებასა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას იმგვარად, რომ შემცირდეს რისკი გარემოსთვის და არ მოხდეს ბუნების გაღარიბება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად მოამზადა მწვანე ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი და ამ მიმართულებით სტრატეგიის შესამუშავებლად პარასკევს სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

"სტრატეგია მოწოდებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და ისეთი ახალი ტექნოლოგიების მოზიდვას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოწინავე ქვეყნების რიგებში გადაიყვანენ. GIZ-ის დახმარებით შემუშავებული მწვანე პოლიტიკის დოკუმენტი მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ.

სვანური  სოფლების  თავსამკაული  -  სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
ეკოლოგიური ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ 111-ე ადგილი დაიკავა

სტრატეგიის შექმნაში ეკონომიკური პროფილის სამინისტროები და შემდეგი დონორი ორგანიზაციები მონაწილეობენ: ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტი (EaP GREEN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

მწვანე ზრდის სტრატეგიის დოკუმენტმა უნდა მოიცვას ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების სექტორები, აგრეთვე ამ სექტორებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი დაფინანსების საკითხები.

"მწვანე" ეკონომიკის კონცეფცია — ესაა მდგრადი განვითარების ახალი ვექტორი. კერძოდ, "მწვანეა" ისეთი ეკონომიკა, რომელიც ამაღლებს ადამიანების კეთილდღეობას და ამტკიცებს სოციალურ სამართლიანობას და ამავე დროს, ამცირებს გარემოს დაზიანების რისკებსა და ეკოლოგიური რესურსების დეფიციტს.

ყველა ახალი ამბავი
0