თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 482,3-კარატიანი ზურმუხტი შემოიტანა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მამაკაცმა საქართველოს საზღვარი არადეკლარირებული ძვირფასი ქვით გუშინ გადმოკვეთა, ზურმუხტი მას ჩანთაში ედო.
1 კარატი დაუმუშავებელი ზურმუხტის ფასი საქართველოში საშუალოდ 250 აშშ დოლარია.
ზურმუხტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომის საკითხს პარასკევს გადაწყვეტს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანის წესების დარღვევა“ და სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.