რას სთავაზობენ საქართველოს მოლდოველი ბიზნესმენები

© FB / Торгово-промышленная палатаქართულ-მოლდავური ბიზნეს-ფორუმი
ქართულ-მოლდავური ბიზნეს-ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდოვური კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილსში ბიზნეს-ფორუმზე ჩამოვიდნენ, „Sputnik-საქართველოს“ უამბეს, რით აპირებენ ქართველი კოლეგების დაინტერესებას.

თბილისში ბიზნეს-ფორუმი იმართება, სადაც საქართველოს და მოლდოვის 50 კომპანიის წარმომადგენლები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კონსალტინგის, ტექსტილის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს იხილავენ.

მოლდოვის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრის ვასილი ბიტკეს ხელმძღვანელობით საქართველოში ღონისძიებაზე დასასწრებად ათი მოლდაველი კომპანია ჩამოვიდა.

ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მოლდოვას რესპუბლიკის ინვესტიციებისა და ექსპორტის   ხელშეწყობის ორგანიზაცია (MIEPO).

სოფლის მეუნეობა

ფორუმზე ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე გაკეთდა. მოლდოვური კომპანიის CofealM (რკინისა და ალუმინის კონსტრუქციები) წარმომადგენელმა პეტრ ზესტრიამ ქართველ ბიზნესმენებს სათბურების დამონტაჟება შესთავაზა.

„მე წარმოვადგენ კომპანიას, რომელიც სათბურებს იტალიური ტექნოლოგიით ამზადებს. მოლდოვაში ექვსი წელია ვმუშაობ, მთავარი დამფუძნებელია იტალიური მხარე. პრინციპში, ამჟამად მოლდოვაში სათბურების ყველაზე დიდი ფართობები და ყველაზე სერიოზული კომპლექსებია. გვსურს ვითანამშრომლოთ ქართულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებთან, რომლებიც სასათბურე მეურნეობით არიან დაკავებული“, — განუცხადა ზესტრიამ „Sputnik-საქართველოს“.

ირაკლი ყანდაშვილი - Sputnik საქართველო
მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს გამოცდილებას იზიარებს

მემცენარეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის Porumbeni-ს (რაც ქართულად „სიმინდს“ ნიშნავს) გენერალური დირექტორი პინტილიე პირვანი ხუთშაბათს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს.

„ყოფილ საბჭოთა კავშირს სიმინდის თესლით 70%-ით ვამარაგებდით… სამწუხაროდ, ახლა საქართველოსთან არ ვმუშაობთ, ამიტომ დღეს აქ მინდა ვნახო ქართველი კოლეგები და მათთან თანამშრომლობა დავიწყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ჰიბრიდებს საქართველოში შევიტანთ“, — განუცხადა პირვანმა „Sputnik-საქართველოს“.

პირვანმა, რომელიც მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 15 წელი მუშაობდა, აღნიშნა, რომ ქვეყნები ღვინით და ციტრუსებით ვაჭრობენ.

ხალიჩები

საქართველოსა და მოლდოვას ხალიჩების დამზადების მდიდარი კულტურა გააჩნია, ამიტომ ქვეყნებმა ამ სფეროში უნდა ითანამშრომლონ, მიიჩნევს ხალიჩების კომბინატის Floare-Carpet-ის დირექტორი ოლეგ ბრაგა.

„ჩვენი საწარმო ასპროცენტიანი შალისგან ჟაკარდის ხალიჩებს ამზადებს. გასაღების ბაზრის გაზრდას ვაპირებთ, ამ კუთხით ახლა ძალიან აგრესიულ პოლიტიკას ვატარებთ და საქართველოში საიმედო პარტნიორის მოძიება გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ზოგადად ამ რეგიონში“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბრაგამ.

ვიდეოხიდი თეატრის საერთაშორისო დღე - Sputnik საქართველო
როგორ ცხოვრობენ რუსული თეატრები საქართველოში, მოლდოვაში და ბელარუსში

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ქართული და მოლდოვური ხალიჩები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან.

„ჩვენი ხალიჩები ერთმანეთისგან განსხვავდება. თქვენი პალასურია, სხვანაირად წარმოებული — ეს სულ სხვა ტექნოლოგიაა. თქვენიც და ჩვენი ხალიჩები თავის თავად საინტერესოა. ჩვენი ხალიჩები ჟაკარდისაა, რბილი, ბეწვის სიმაღლე —6-8 მილიმეტრი. მით უმეტეს, რომ შალი — ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ეს ახალი მიმართულებაა და თქვენი ბაზრისთვის შეიძლება საინტერესო იყოს“, — განაცხადა ბრაგამ.

მან ისიც დაუშვა, რომ მისი საწარმო საქართველოში ცხვრის მატყლის შესყიდვით დაინტერესდეს.

ორგანიზატორების მოლოდინები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ქართველი ბიზნესმენები მსუბუქი მრეწველობისა და ტექსტილის სფეროს მოლდოველ კოლეგებთან თანამშრომლობისადმი დიდ ინტერესს იჩენენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია 52 პირისპირ შეხვედრა.

„იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები შედეგიანი იქნება. ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია. დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობამ 40-ს გადაჭარბა“, — განაცხადა ჩიქოვანმა.

ქართველი და მოლდოველი ბიზნესმენების თანამშრომლობით სარგებელს საქართველოსა და მოლდოვის სახელმწიფო ბიუჯეტები მიიღებენ, აღნიშნა მოლდოვის რეგიონალური განვითარების მინისტრმა ვასილი ბიტკემ.

მსგავსი ფორუმები ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

„დღევანდელი ფორუმი და მისი შემდგომი პროცესი ქართულ და მოლდოვურ კომპანიებს კარგ შესაძლებლობას აძლევს გაცვალონ გამოცდილება, კონტაქტები, დაამყარონ ურთიერთობები და დაიწყონ თანამშრომლობა“, — განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

სავაჭრო ურთიერთობები ციფრებში

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, მხარეები ავითარებენ პოლიტიკურ კავშირებს და თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოება, კულტურა, განათლება, მეცნიერება და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

საქართველო-მოლდოვის გარე სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 12,8 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოდან ექსპორტმა 2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მოლდოვიდან იმპორტმა კი — 10 მილიონ დოლარზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი მოლდოვურ ბაზარზე თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო მოლდოვიდან შემოტანილი იმპორტი იგივე დონეზე დარჩა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოსა და მოდლოვას შორის გარე სავაჭრო ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა — 26,8 მილიონი დოლარი. მაშინ საქართველოდან მოლდოვაში ექსპორტი 14,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0