წლების შემდეგ მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ გატაცება ბიზნესად ექციათ, ამიტომ დაახლოებით ოთხი თვის წინ სუკულენტებისთვის ორიგინალური შუშის ქოთნების შექმნა დაიწყეს.
როგორც „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას თეო თოიძემ აღნიშნა, სუკულენტები სწორედ იმირტომ შეარჩიეს შუშის ქოთნებისთვის, რომ არამარტო მოვლა, არამედ მათი გამრავლებაც ძალიან მარტივია. ერთი ფოთოლის ჩამოვარდნის შედეგადაც კი წარმოიშობა ახალი ნაყოფი, ახალი სიცოცხლე.
- თქვენი საქმიანობის შესახებ მომიყევით, როგორ გაჩნდა იდეა და რამდენი ხანია რაც ამ საქმიანობას ეწევით?
— მე და მარიამი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ სკოლაში შევხვდით და მალევე აღმოვაჩინეთ, რომ საერთო ინტერესები გვქონდა. ორივე დაინტერესებულები ვიყავით ხელნაკეთი ნივთებით, ვხატავდით მაისურებს, ყელსაბამებს და ვქმნიდით სხვადასხვა ნივთებს. ამ მცირე ბიზნესშიც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ჩავერთეთ. სწორედ ჩემი ოთახის ინტერიერისთვის ვარჩევდით ლამაზ ნივთებს. კონკრეტულად, რაიმე მცენარეს ლამაზი ქოთნით. ვცადეთ რამდენიმე სახის, თუ მასალის ქოთანი და რადგანაც არც ერთი არ მოუხდა ინტერიერს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენით შეგვექმნა. შუშის კონსტრუქცია კი აღმოჩნდა ის, რაც გვინდოდა და გვჭირდებოდა. არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ ჩვენი შექმნილი კომპოზიცია. ეს გახდა ჩვენთვის სტიმულის მომცემი და გადავწყვიტეთ ჩვენი ექსპერიმენტი მცირე ბიზნესად გვექცია.
ვაკეთებთ შუშის ტერარიუმებს მცენარეებისთვის და სხვადასხვა სახის დეკორატიულ ნაწილებსაც. ძალიან მოგვეწონა შუშის ქოთნის იდეა, მისი შექმნის პროცესი, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ მცირე ბიზნესად გვექცია. დაახლოებით 1 თვეში კი სრულფასოვნად განხორციელდა ეს იდეა და დაარსდა „კანტი“. უკვე მეოთხე თვეა ამ საქმიანობით ვარ დაკავებულები.
- ალბათ „კანტის“ დაბადება ყვავილების სიყვარულმა განაპირობა?
— რა თქმა უნდა მცენარეებისადმი სიყვარული მთავარი ბიძგი იყო. ბავშვობიდან ამწვანებულ გარემოში ვიზრდებოდით მეც და მარიამიც. შემდეგ სუკულენტებით დავინტერესდით, სულ გვინდოდა ჩვენს ქოთნებში მათი გამრავლება. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ტერარიუმების და სუკულენტის იდეებიც ერთდროულად განვახორციელეთ და არა ქოთნებში, არამედ ჩვენი ხელით შექმნილ შუშის კონსტრუქციებში გავამრავლეთ.
- სპეცილური სივრცე გაქვთ სადაც ამ დეკორაციებს ქმნით?
ვმუშაობთ სახლში, რადგან ჯერჯერობით ცალკე სახელოსნო არ გვაქვს, გვიწევს შუშის ჭრა, გაპრიალება, კონსტრუქციის აწყობა და ასე შემდეგ. განსაზღვრული დრო არ გვაქვს, თუ საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დღეებიც გადაბმაც გვიწევს. ცოტა რთული, რომ ეს საქმიანობა, ჩვენი მცირე ბიზნესი სწავლას შევუთავსოთ, რადგანაც ორივე სტუდენტები ვართ.
- ქალისთვის შუშაზე მუშაობა რთული არ არის?
— თავიდან ჩვენც ვფიქრობდით, რომ მსგავს დაბრკოლებებს წავაწყდებოდით, თუმცა, როცა ამის საჭიროება დავინახეთ არ შევშინებულვართ და დრო და დრო ყველაფერს მივეჩვიეთ, დავხვეწეთ ხელობა, უკეთესად ვისწავლეთ შუშის ჭრა, დამუშავება, ხვრეტა, რომელიც არც ისე მარტივია და სიზუსტეს მოითხოვს.
განსაკუთრებით რთული იყო იდეის გაჩენიდან, საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე პერიოდი, რადგან ამ დროის განმავლობაში ვეძებდით მასალებს, რომლებიც გამოგვადგებოდა, თუნდაც წებოს, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და მცენარის ზრდას არ შეუშლიდა ხელს. ასევე კანტებს, რაც დაფარავდა შუშების გადაკვეთის ადგილებს, ვმუშაობდით ტერარიუმის ფორმებსა და ზომებზე. თუმცა საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა. ეს პროცესი არც ისე მარტივი იყო, მაგრამ ნაყოფიერი.
- მცენარეები თქვენი გამრავლებულია თუ ყიდულობთ?
— მაშინ, როდესაც „კანტი“ დავაარსეთ, მასთან ერთად დავიწყეთ მცენარეების გამრავლებაც. ამჟამად გვაქვს პატარა სათბური, რომელიც დრო და დრო გაიზრდება, სუკულენტების გამრავლება მარტივია, თუმცა ნაყოფის გაზრდას რამდენიმე თვე მაინც სჭირდება. ეს პერიოდი ვყიდულობდით სხვადასხვა მებაღეებისგან, თუმცა უკვე ძალიან მალე ჩვენ მომხარებელს ექნება საშუალება, რომ ტერარიუმი ჩვენივე სათბურში გაზრდილი სუკულენტით იყიდოს.
- მხოლოდ ცოცხალი მცენარეებით აკეთებთ დეკორაციებს?
— რა თქმა უნდა, ყველა დეტალს ვაკეთებთ ხელით და ამისთვის ვიყენებთ სხვადასხვა მასალებს: შუშას, საღებავს, სილიკონის, მეტალის სალტეებს. ტერარიუმების გასაფორმებლად ვიყენებთ სკულენტებს. ეს მცენარეთა ის სახეობაა, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. უყვართ მზე, სითბო, ნაკლები წყალი და თითქმის ყველა გარემო პირობას მარტივად ეგუებიან. ასევე მათი ფერები, რომელთან მზის სხივების მიღებისთანავე იცვლება, გავძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა სახეობებით შევქმნათ ლამაზი კომპოზიციები. როგორც უკვე ვახსენეთ არამარტო მოვლა, არამედ მათი გამრავლებაც ძალიან მარტივია. ერთი ფოთოლის ჩამოვარდნის შედეგადაც კი წარმოიშობა ახალი ნაყოფი. ვფიქრობთ, რომ ეს ყველა კომპონენტი რომელიც მათ ახასიათებს მეტად იზიდავს ჩვენს მომხმარებელს.
- როგორი უნდა მოვუაროთ მსგავს ქოთნებში მოთავსებულ მცენარეებს?
— როგორც ვახსენეთ სუკულენტები მოსავლელად ძალიან მარტივია. კვირა კვირანახევარში ერთხელ უნდა წყალი, მცირე დოზით. გადამეტებულმა წყალმა შეიძლება ფესვების დალპობა გამოიწვიოს, ხოლო წყლის დაკლება ნაკლებად საშიშია. ასევე სასურველია, თუ დღის გამავლობაში მაქსიმალურად მოხვდება მზის სხივები.
- როცა ამ საქმიანობას იწყებდით, ფიქრობდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?
— წარუმატებლობაც წარმოგვედგინა და პირიქით, თუმცა ჩვენ მოგვწონდა, სიამოვნებას გვანიჭებდა რასაც ვქმნიდით და ეს საკმარისი იყო. ალბათ დღეს მომხმარებელმა უნდა შეაფასოს, რამდენად წარმატებული და სასურველია.
- რატომ შეურჩიეთ ეს სახელი?
დიდი ხანი ვერ ვწყვეტდით, როგორი კანტებით გაგვეფორმებინა შუშის უხეში კიდეები. ვცადეთ, როგორც მეტალის კანტები, ასევე სპეციალურად მინის საღებავის კანტები. დიდი ფილოსოფოსისადმი პატივისცემამ კი სახელს ორაზროვნებაც შემატა.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
— უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი პროდუქტების, როგორც შუშის კონსტრუქციების ფორმების, ასევე სხვადასხვა დეკორაციების დამატებას. ამ ყველაფერს სულ მალე იხილავს ჩვენი მომხარებელი. ასევე ვგეგმავთ სხვაადასხვა ქსელებში შესვლასა და გაფართოებას.