თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ქართულმა მხარემ, შესაძლოა, ყაზახურ გაზსატრანსორტო კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ მოლაპარაკებები გამართოს და საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს, განუცხადა ჟურნალისტებს ხუთშაბათს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA) „ყაზტრანსგაზმა“ სარჩელი შეიტანა თავისი შვილობილი კომპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისისთვის“ 130 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც კომპანიამ ქვეყანაში დააბანდა და აგრეთვე 50 მილიონი აშშ დოლარი ზარალის კომპენსაციის სახით მოითხოვა.
„ჩვენ მივიღეთ უწყება არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანაირად ვემზადებით, ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. მაგრამ, შეიძლება საქმე დავამდეც არ მივიდეს, შეიძლება შედგეს მოლაპარაკება. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ როგორ, რა ფორმით მოხდება მოლაპარაკება, შედგება თუ არა მოლაპარაკება“, — განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
შპს „ყაზტრანგაზ —თბილისი“ 2006 წელს სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შეიქმნა, როცა „ყახტრანსგაზმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 26 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ.
2006 —2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა“ საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის – სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა. იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, აქედან 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.