თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის, ბაკიტჟან საგინტაევის შეხვედრის მთავარი თემები, — იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
განხილვის საგანი იყო ასევე ბათუმის პორტის დატვირთვის გაზრდა.
„ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე… ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოტენციალი ავითვისოთ“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ ყაზახეთის დადებითი განწყობა ინვესტიციებად აქციოს.
თავის მხრივ, ყაზახეთის ვიცეპრემიერმა საქართველოსა და ყაზახეთს შორისო სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ასევე „ყაზტრანსგაზის“ თაობაზე მოლაპარაკებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მთავრობები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ „ყაზტრანსგაზის“ თემას“, — აღნიშნა საგინტაევმა.