თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზი“ იმედოვნებს, რომ წინა საარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში შეძლებს დაარეგულიროს დავა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც მის შვილობილ კომპანიას „ყაზტრანსგაზ —თბილისს“ ეხება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც Новости — Казахстан ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2015 წლის 21 სექტემბერს, საერთაშორისო იურიდიულმა ფირმამ Baker&McKenzie, სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზის“ დაკვეთით, ქართული მხარის მისამართით გადმოაგზავნა წინასაარბიტრაჟო წერილი, წინადადებით, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები საინვესტიციო დავასთან დაკავშირებით, რომელიც სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ მოღვაწეობაში განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება.
შპს „ყაზტრანგაზ —თბილისი“ 2006 წელს სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შეიქმნა, როცა ამ უკანასკნელსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2005 წლის 26 დეკემბერს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ.
2006 —2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა“ საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
„მიუხედავად შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ 100%-იანი წილის ფლობისა, 2009 წლის 16 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ სპეციალური მმართველის დანიშვნას ეხებოდა. შედეგად სს „ყაზტრანსგაზს“ არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს თავისი შვილობილი კომპანიის მართვაში“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც კომპანია აცხადებს, საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მსგავსი ქმედებებით, ირღვევა უცხოელი ინვესტორის უფლებები, რომელიც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით და ინვესტიციების დაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებითაა დადგენილი.
„სს „ყაზტრანსგაზი“ ქართული მხარის კონსტრუქციულ პოზიციაზე და წინასაარბიტრაჟო პროცედურის ფარგლებში დავის სწრაფ დარეგულირებაზე ამყარებს იმედს. თუკი წინასაარბიტრაჟო დარეგულირება შედეგს არ გამოიღებს, „ყაზტრანგაზი“ აპირებს საინვესტიციო საარბიტრაჟო განხილვის დაწყებას და მოითხოვს შპს „ყაზტრანგაზ —თბილისზე“ კონტროლის დაბრუნებას, ასევე ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე ნაკლები არ იქნება“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, სემეკის გადაწყვეტილებით კიმპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა.
იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, რომელთაგან 68 მილიონბი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
შპს „ყაზტრანგაზ —თბილისში“ სპეციალური წარმომადგენელი მხოლოდ იმ დრომდე იმუშავებს, სანამ არ გამოსწორდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და არ დაიფარება მისი დავალიანება. იგი მხოლოდ დროებით მონაწილეობს კომპანიის მენეჯმენტში. კომპანიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას საქართველოს კანონი „ლიცენზირებისა და ნებართვების“ შესახებ ითვალისწინებს.