თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბუნებრივ აირზე ფასი SOCAR Georgia Gas–ის კომერციული მომხმარებლებისთვის გაიზრდება და ის არ შეეხება საქართველოს მოსახლეობას, იუწყება ქართული მედია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაზე დაყრდნობით („სემეკი“)
„კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის საკითხს ბაზარი ადგენს და არეგულირებს კომპანიასა და აბონენტს შორის შეთანხმების მიხედვით“, — აცხადებენ კომისიაში.
SOCAR Georgia Gas–ი კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივ აირზე ფასს მათთან შეთანხმების საფუძველზე ადგენს. ხოლო მოსახლეობისთვის ტარიფების კორექტირებისთვის აუცილებელია „სემეკის“ ნებართვა.
ბუნებრივ აირზე ფასი SOCAR Georgia Gas–ის იმ კომერციული მომხმარებლებისთვის გაიზრდება, რომლებიც ხელშეკრულებით 0,84 ლარზე ნაკლებს (დაახლოებთ 0,35 აშშ დოლარი) იხდიდნენ 1 კუბურ მეტრ გაზზე. ამიერიდან ისინი 0,84 ლარს გადაიხდიან.
„ბუნებრივ აირზე კომერციული მომხმარებლებისთვის ფასების უნიფიკაციის მიზნით აუცილებელი გახდა მისი კორექტირება“, — განმარტეს კომპანიაში.
კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება.
„სოკარი“ საქართველოში გაზისა და ნავთობპროდუქტების განაწილებას ემსახურება და ქვეყანას მოხმარებული გაზის 80%–ით აკმაყოფილებს. კომპანია ასევე ფლობს ავტოგასამართ სადგურებსაც.