თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. პოპულარული ვოკალური პროექტის Х Factor მეოთხე სეზონის მაყურებელი ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში თვალს ადევნებდა, როგორ გადაიქცა უბრალო ქართველი დიასახლისი ნამდვილ ჯაზ-დივად.
როდესაც მორიგ კასტინგზე გამოცხადდა ჩვეულებრივი ქართველი ქალი უცნაური ფსევდონიმით — მატილდა კატალია, რომელიც, მისი თქმით, ათიოდე წლის წინ სოციალურ ქსელებში რეგისტრაციისთვის მოიგონა, ვერავინ იფიქრებდა, რა შეეძლო ამ მშვიდ ქალს.
ქალმა ჟურნალისტებს უამბო, რომ არის 44 წლის, ჰყავს ორი ვაჟი — 12 წლის გიორგი და ხუთი წლის გაბრიელი და რომ ის დიდ სცენაზე "ფაქტობრივად, სამზარეულოდან გადის".
„თითქოს დავალაგე ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად სწავლა, მუშაობა, ოჯახი, შვილები, მეუღლე. თითქოს ცხოვრების ფაზლები ავაწყვე და ამ ერთ სფეროში, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს — მუსიკაში ვერ დავალაგე. ჩემ თავში მინდა გავერკვე, სად ვარ", — აღიარა მატილდამ.
მატილდა კატალიამ ჯორჯ გერშვინის Summertime მოამზადა. სცენაზე ქალი პირველივე ბგერებიდან გადაიქცა თავისუფალ, თავდაჯერებულ და თავისი ვოკალით მოხიბლულ მომღერლად. ჟესტიკულაციამ და დახუჭულმა თვალებმა მატილდა წარმოაჩინა, როგორც ჯაზის უსაზღვრო თაყვანისმცემელი.
ჟიურის ყველა წევრი აღფრთოვანებული დარჩა. ქალი კი გამოსვლის ბოლო ატირდა. მის დასამშვიდებლად სცენაზე ჟიურის წევრი, მომღერალი ლელა წურწუმია ავიდა.
ჟიურის წევრების გადაწყვეტილება მატილდას პირდაპირ მაგიდაზე ასულმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გამოუცხადა — მატილდა მიღებულია პროექტში.
მატილდას ნამდვილი სახელია ლელა ჯავახია. მან დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. თავად ლელა არასდროს დაფიქრებულა ვოკალისტის პროფესიულ კარიერაზე მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ჰყავს მუსიკოსი — მისი და თეა ჯავახია ორკესტრში მევიოლინეა. ერთი პერიოდი ლელა წმინდა ნინოს ეკლესიის გუნდში მღეროდა, სადაც გაიცნო თავისი მეუღლე.
The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ს არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა.
ბრიტანული პროექტის ქართულმა ანალოგმა სტარტი 2013 წლის 12 აპრილს აიღო, რომლის გამარჯვებულიც 27 წლის შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი გახდა. შარშანწინდელი სეზონის გამარჯვებული ბათუმელი 19 წლის რიგითი ჯარისკაცი გიორგი ნაკაშიძე გახდა, ხოლო გასული წლის X-ფაქტორი — ბათუმის მკვიდრი ავთანდილ აბესლამიძე.