თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ქართული ტელეარხის Rustavi2-ის ეთერში პოპულარული ვოკალური პროექტის Х-Factor-ის მეოთხე სეზონი დაიწყო, და პირველივე კასტინგზე Х-Factor-ის ჟიური ამერიკელმა კრისტოფერ მანინგმა გააოცა.
კრისტოფერი ნიუ-იორკელია, გალობდა საეკლესიო გუნდში, ახლა კი გატაცებულია მუსიკით და სიმღერებს წერს.
საქართველოში ამერიკელი ოთხნახევარი წელი ცხოვრობს და მან უკვე საქართველოს მოქალაქეობაც კი მიიღო. ქვეყანაში 2012 წლის სექტემბერში მოხვდა, "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, კრისტოფერმა უპასუხა: "იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრება მომწონს".
Х-Factor-ისთვის ამერიკელმა საკუთარი კომპოზიცია მოამზადა, რომელშიც მან მძიმე როკი, ინტელექტუალური ლირიკა და ფსიქოდელიური მოტივები გამოიყენა.
"ეს ჩემი შინაგანი ემოციებია, რომლებსაც იშვიათად ვამჟღავნებ. სიმღერა სწორედ ამაზეა. მასში სილამაზე უხეშობასთან ერთად არის", — განაცხადა კრისტოფერ მანინგმა გამოსვლის შემდეგ.
ეფექტური ნომრის მიუხედავად ჟიურის ქალთა ნაწილმა — მომღერლებმა სოფო ნიჟარაძემ და ლეილა წურწუმიამ კრისტოფერს მხარი არ დაუჭირეს, რადგან მისი გიჟური ენერგეტიკა ვერ გაიგეს.
ჟიურის მამაკაცების ნახევარს — მომღერალ სტეფანე მღებრიშვილსა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას არაორდინარული მონაწილე მოეწონათ — საავტორო მუსიკისა და სითამამის გამო. მაგრამ პროექტში მოსახვედრად კრისტოფერმა, სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა.
ბრიტანული პროექტის ქართულმა ანალოგმა სტარტი 2013 წლის 12 აპრილს აიღო, რომლის გამარჯვებულიც 27 წლის შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი გახდა. შარშანწინდელი სეზონის გამარჯვებული კი ბათუმელი, 19 წლის რიგითი ჯარისკაცი გიორგი ნაკაშიძე გახდა, ხოლო გასული წლის X-ფაქტორი — ბათუმის მკვიდრი ავთანდილ აბესლამიძე.