თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი, ბრიტანული ჟურნალ Tata DIPLOMAT-ის ვერსიით, ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გაიმართა. ღონისძიებას 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები.
ჟურნალ Tata DIPLOMAT-ის პრემია დიდ ბრიტანეთში, რომელიც უკვე მეცხრედ გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის იმ საუკეთესო წარმომადგენლებს გამოავლენს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
გამარჯვებულები 10 კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის, წლის საუკეთესო ახალგაზრდა დიპლომატი, საუკეთესო დიპლომატი ევროპიდან, აზიიდან და სხვა რეგიონებიდან.
ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი 2016 წლის მარტიდანაა. მანამდე, ორი წლის განმავლობაში ის საქართველოს საგარეო უწყებას ედგა სათავეში.