თბილისი, 24 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ და დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს.
საქართველოში დუნკანის ორდღიანი ვიზიტი ხუთშაბათს დაიწყო. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილს.
„ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ გაერთიანებული სამეფო, როგორც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, კვლავ რჩება საქართველოსთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მხარდამჭერად“, — განაცხადა ჯანელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დუნკანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. თქვენ არაჩვეულებრივი სამხედროები გყავთ. მსურს, მოგილოცოთ დემოკრატიის განვითარების კუთხით თქვენ მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს ეხება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ასე პოზიტიურად შეაფასეს“, — განაცხადა მან.
დიდი ბრიტანეთი მიესალმება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნა დუნკანმა.
როგორც მან განაცხადა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესი ქართულ—ბრიტანულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს, უფრო მეტიც, ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას.
დუნკანი ბრიტანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას უდგას სათავეში, რომელიც „უორდროპის დიალოგის“ ყოველწლიურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში პლენარული სესიის გახსნის ცერემონია გაიმართა.
თბილისი პირველად მასპინძლობს შეხვედრას „უორდროპის დიალოგის“ ფორმატში, რომელიც 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასზე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს განიხილავენ.
წელს „უორდროპის დიალოგი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ერთობლივ დეკლარაციაში დაფიქსირდება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფორმატის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმად, შეიცვლება დასახელება — „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“.
შეხვედრები სამი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სხვადასხვა სფეროების მიხედვით მიმდინარეობს: პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; კულტურა და განათლება.
„უორდროპის დიალოგი“ 2014 წელს დაარსდა, რომელსაც აღნიშნული სახელი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის ოლივერ უორდროპის (1919-1921 წწ) ხსოვნის პატივსაცემად ეწოდა.
საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სათავეს 1992 წლის 27 აპრილიდან იღებს. მხარეები რეგულარულად აწარმოებენ პოლიტიკურ კონსულტაციებს და თანამშრომლობენ თავდაცვის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 137 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.