თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიის თანამშრომლებმა მეტროს სადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს, ნათქვამია მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარტის ბოლოდან მერიამ ქალაქის ქუჩებში გარევაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. მოვაჭრეთა წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე უწყების თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟს. გარემოვაჭრეებს შეღავათიან პირობებში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებში შესთავაზეს გადასვლა.
„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება — პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“, — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.
მერია უკვე შეუთანხმდა თბილისის ბაზრების ასოციაციას, რის საფუძველზეც გარემოვაჭრეები ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბაზრებში შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.
გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ მოაწყვეს. მიუხედავად თბილისის მერიის შეთავაზებისა, ისინი უარს ამბობენ ბაზრებში დახლების დაკავებაზე და მიუთითებენ, რომ სხვა მოვაჭრეებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან მათ საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ.
გლდანის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ბაზრის ადმინისტრაციას უკვე მიმართა 80-მდე მოვაჭრემ. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათ მოვაჭრეებისთვის 120 ადგილის შეთავაზება შეუძლიათ, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ადგილების გამოყოფაც იქნება შესაძლებელი.
საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით.
თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7-დღიანი პატიმრობით დაისჯება.