თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. "Sputnik საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვის მიმართ, რადგან ის ქალაქის იერსახეს ამახინჯებს — ასეთია საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე "უნდა აიკრძალოს თუ არა გარევაჭრობა?" გამოკითხულთა 51,4%-მა უპასუხა, "კი, იგი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს", 34,3% კი მიიჩნევს, რომ საჭიროა ანტისანიტარიასთან ბრძოლა.
„წინააღმდეგია, რადგან ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს“ 8,6%, ხოლო ამ საკითხის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს 5,7%-ს.
უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ასევე გაიწმინდა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე სხვა ადგილი. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს. მერია შეუთანხმდა თბილისის ბაზრების ასოციაციას, რომ გარემოვაჭრეები ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბაზრებში შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.
საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20–დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7–დღიანი პატიმრობა ემუქრება.