როგორც ლიკუნა ამბობს, შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ გადაწყვიტა არ გაჩერებულიყო და კიდევ ბევრი ლამაზი დეკორაცია შეექმნა, უკვე უცხო ადამიანებისთვის. ლიკუნა თვითნასწავლი ხელოვანია და ულამაზეს, დახვეწილ მოსაწვევებს, თაიგულებს და დეკორატიულ სანთლებს აკეთებს.
— ჩემი პროფესია და ჰობი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ორივე მიყვარს. პროფესიით მენეჯერ-ეკონომისტი ვარ. ხელსაქმე ბავშობიდან მიყვარს, თავდაპირველად ვქსოვდი ხელთათმანებს, შემდეგ ვაკეთებდი სამკაულებს, სახლის სხვადასხვა დეკორაციებს. თითოეული ნივთის შექმნა ემოციებით მავსებს, დიდ სიყვარულს და ენერგიას ვაქსოვ თითოეულ მათგანში.
– თქვენი ხელოვნების ძირითადი ხაზი საქორწილო დეკორაციებს, მოსაწვევ ბარათებს უკავშირდება. როგორ და რატომ აირჩიეთ ეს ხაზი?
— ძალიან მომწონს საქორწილო ფუსფუსი, გაფორმებები, ჩემთვის ქორწინება წმინდაა და ვთვლი, რომ ეს დღე ყველა ადამიანის ცხოვრებაში დაუვიწყარი უნდა იყოს. ყველა დეტალი სიყვარულით და მონდომებით უნდა შეასრულო. ამისთვის არაა აუცილებელი დიდი ბიუჯეტი, ჩემთვის მთავარი ესთეტიკაა. მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ქორწილისთვის სახლის ეზო საკუთარი ხელით მოვრთეთ, თეთრი ბუშტებით და დეკორაციით, სანთლებით გავაფორმეთ, სწორედ ასე დავიწყე… იმდენად მოეწონა ყველას, რომ გადავწყვიტე სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი ხელნაკეთი საქორწილო ნივთები. ვთვლი, რომ როცა დეტალებშია ბედნიერება, ადამიანებმა ბევრი ლამაზი დეტალი უნდა შევქმნათ. ამ სამყაროში ყველა ქალს სურს ქორწილის დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყოს, ჩვენც ვულამაზებთ ამ დღეს ლამაზი დეტალებით.
– როგორ ფიქრობთ, იდეამ გაამართლა?
— ჯერ მცირე დროა გასული შეფასებისთვის, თუმცა ვთვლი, რომ გაამართლა. ემოცია, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი გვიზიარებს, მაძლევს იმის ძალას და სტიმულს, რომ მათ გავუმართლო იმედი. ჩემი აზრით, მომხმარებლების მხრიდან ნდობა უკვე გამართლებაა. ჩემთვის ხელნაკეთი ნივთები იმით გამოირჩევა, რომ პროცესში მთლიანად ერთვები. იქ გადაგაქვს ემოციები, განცდები, ჩემთვის ხელნაკეთი ცოცხალი ქმნილებაა.
– ქართველი პატარძლები პრეტენზიულები ხომ არ არიან?
— არა, ვერ ვიტყვი, რომ პრეტენზიულები არიან. ძალიან დახვეწილი და სადა არიან. ძალიან მიხარია, მათ იმედებს რომ ვამართლებ, მინდა ყველა პატარძალი უზომოდ ბედნიერი იყოს!
– ყველაზე დიდი ქორწილი, რომლისთვისაც გაგიმზადებიათ მოსაწვევები და რამდენ ხანში?
— კი, იყო ასეთი შემთხვევა. 200 კაცისთვის შემიკვეთეს მოსაწვევები და სამი დღის ვადაში უნდა გამეკეთებინა. ეს რთული, ძალიან შრომატევადი პროცესი იყო. რა თქმა უნდა, დათქმულ დროში მოვასწარი ორასივე მოსაწვევის დამზადება. ნამდვილად დიდ შრომას მოითხოვს, ხშირად ვერც კი ხვდებიან, რა შრომის ფასად იქმნება ეს სილამაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა ვეუბნებით, მზად იქნება ერთ კვირაშიო, ცოტა უკვირთ, ჰგონიათ, რომ მარტივია და მცირე დროში კეთდება, თუმცა ეს ასე არ არის.
– მოსაწვევების გარდა აკეთებთ დეკორატიულ სანთლებს. როგორ ისწავლეთ?
— როგორც ვთქვი, სანთელი პირველად ჩემი ჯვრისწერისთვის გავაფორმე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. შემდეგ უკვე დავიწყე ახალ-ახალი დეტალების აწყობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თვითნასწავლი ვარ. არავისგან მისწავლია სანთელზე მუშაობა.
– ნებისმიერი სირთულის ნამუშევარს აკეთებთ?
— ვცდილობ ნამუშევარი პირველ რიგში მომხმარებელს მოვარგო. სურვილის და გემოვნების მიხედვით შემიძლია ნებისმიერი სირთულის ნამუშევარი დავუმზადო მომხმარებელს. არასოდეს ვუშინდები სიახლეებს, ყოველთვის ვმუშაობ საკუთარ თავზე და ამის ხარჯზე, ვთვლი, რომ მეტ გამოცდილებას ვიღებ და უფრო და უფრო ვიზრდები.
– რა ღირს თქვენი დამზადებული დეკორატიული სანთელი?
– ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. სანთლები მზადდება ნატურალური ცვილით, ფასები ზომების და ნამუშევრის სირთულის მიხედვით იცვლება.
– უცხოეთიდან თუ გქონიათ შეკვეთები?
— კი, სულ ახლახან გავგზავნე რომში. ქართველი წყვილია, იქ დაქორწინდნენ. „ფეისბუქის“ საშუალებით ნახეს ჩემი ნამუშევრები. მოეწონათ და მთხოვეს გამეგზავნა. ასევე ნათლობისთვის წაიღეს ბელგიაში.
– რა არის განსხვავებული თქვენ ხელნაკეთ ნივთებში, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?
— ვქმნი სიყვარულით. ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო. თითოეულ ნივთს დიდი სიხარულით და ინტერესით ვქმნი. სულმოუთქმელად ველოდები, სანამ დავასრულებ, რომ ვნახო რა გამოვიდა. ეს ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაცაა. დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. მომხმარებელიც გრძნობს ამას და მადლიერია. მადლობა მათ ამისთვის.
– რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავთ?
— სიახლეებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ არ გავახმაურებ და ჩემთვის შემოვინახავ.