თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ საფრანგეთში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალ L'Ombre d'un court-ის პრიზიორი გახდა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი L'Ombre d'un court ფრანგული და საერთაშორისო კინოსთვის ღიაა. მასზე ყოველწლიურად წარმოდგენილია სათამაშო და ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
ანიმაციურმა ფილმმა "ჯიბის კაცი" ორი ჯილდო მოიპოვა — „საუკეთესო სცენარისათვის“ ახალგაზრდული ჟიურისგან და ახალგაზრდული აუდიტორიისგან მაყურებლის სიმპათიის პრიზი, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა თეოფილ დიუფრენის ფილმმა „ბაღის წვეულება“ (საფრანგეთი). ახალგაზრდულ კატეგორიაში ანალოგიური პრიზი ერგო ესპანელ ხუან ანტონიო მორენო ამადორს ფილმისთვის „კარამელის სიტყვები“.
„ჯიბის კაცი“ — ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. ედგარი მისი მეგობარი და გამცილებელი გახდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს.
მულტფილმში დიალოგები არ არის — გმირები ერთმანეთს მუსიკის, ხმაურის და სხვადასხვა სტიქიის ბგერებით ეხმიანებიან.
შვიდწუთიან ფილმზე „ჯიბის კაცი“ 27 წლის ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე ფრანგ კოლეგასთან მხატვარ მარიონ შარიესთან ერთად მუშაობდა.
ანა ჩუბინიძე თავისი პროექტით „ჯიბის კაცი“ პირველად 2015 წელს გამოჩნდა ნიქოზში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე. სწორედ იქ მოეწონათ მისი იდეა უცხოელ ანიმატორებს და ჩუბინიძე საფრანგეთში მიიწვიეს ანსის ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე (Annecy International Animation Film Festival). უკვე ანსში ქართველი ილუსტრატორის პროექტით დაინტერესდა ფრანგული ანიმატორული კომპანია Folimage.
შედეგად მულტფილმი ქართული კინოსტუდია „კვალი ХХI“-ს ბაზაზე ფრანგულ კომპანია Folimage-თან თანამშრომლობით გადაიღეს.
„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
მონრეალში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მულტფილმმა ორი პრიზი მოიპოვა — საბავშვო ჟიურის სპეციალური ჯილდო „მშვენივრად ილუსტრირებული უბრალო და გულისამაჩუყებელი ისტორიისათვის“ და პროფესიული ჟიურის პრიზი „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“. საუკეთესოს წოდება ფილმმა მიიღო შემდეგი ფორმულირებით — „არაჩვეულებრივი მეგობრობისთვის, მდიდარი ფანტაზიისათვის და საყვარელი იუმორისათვის“.