საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს

© FB / МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე და სვენ მიკსერი
მიხეილ ჯანელიძე და სვენ მიკსერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ესტონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა თბილისში ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივად გამართულ კონფერენციაზე.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა ვაჭრობის სფეროში მიღწევები აღნიშნეს.

"ახალი შესაძლებლობები იხსნება და აქტიურდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა 21%-ით, ხოლო საქართველოდან ექსპორტი —24%-ით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. საქართველოსა და ესტონეთის მთავრობები ხელს უწყობენ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას", — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთში - Sputnik საქართველო
საქართველო და ესტონეთი სამხედრო პირთა განათლების კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებენ

ესტონელმა დიპლომატმა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა, რომელიც 28 მარტს შევიდა ძალაში.

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ამ პროცესისთვის სერიოზული ძალისხმევა იყო საჭირო. ეს სტიმულია ქვეყნის ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ესტონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის", — განაცხადა მიკსერმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან — აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიკსერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

ესტონეთში აჭარული ხაჭაპურის გამოცხობას სწავლობენ - Sputnik საქართველო
ღვინო და ხაჭაპური – აჭარაში ესტონელებს ელოდებიან

სტუმარი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე ჩავა სოფელ ხურვალეთში (ცხინვალის რეგიონთან), სადაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობა.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივნისს დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

საქონელბრუნვამ საქართველოსა და ესტონეთს შორის 2016 წელს 8,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა საქართველოდან — 2,8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა საქართველოში — 5,7 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0