თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს, იუწყება ტელეკომპანია "Rustavi2".
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილია, მანქანა დეპუტატის სახლის წინ იდგა. მეზობელმა შენიშნა, რომ დაუდგენელმა პირმა ავტომობილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. როდესაც დამნაშავემ მისკენ მიმავალი მეზობელი შენიშნა, მაშინვე გაიქცა და მიმალვა შეძლო, თუმცა ადგილზე მტკიცებულებები დატოვა.
მცხოვრებლებმა სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ბრიგადის მოსვლამდე, დამოუკიდებლად შეძლეს.
დეპუტატი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაზუსტებით ვერ საუბრობს, თუმცა ვარაუდობს, რომ მანქანის დაწვის ფაქტი თავის საქმიანობას უკავშირდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის განადგურება-დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.