თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივი ცენტრიც ფუნქციონირებს, 3 იანვარს, საღამოს ცეცხლი წაუკიდეს, იუწყება პანკისის სათემო რადიო.
ბენზინი კულტურის სახლის შენობის მეორე სართულზე რამდენიმე ადგილზეა დაღვრილი. დამწვარია შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი.
ხანძარი კულტურის სახლის დარაჯმა შენიშნა და სამაშველო სამსახურს დაუყონებლივ შეატყობინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, შენობაში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.
„იყო მუქარები ასეთი ფრაზებით — „გაეთრიეთ პანკისიდან“, „თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია“ და ა.შ. ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძრის გაჩენა და შენობის გადაწვის მცდელობა ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩვენთვის“, — განაცხადა იზა ბექაურმა.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მუშაობენ. ფაქტზე მოკვლევა ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მიმდინარეობს.