თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის, განაცხადა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილი ირანში ორდღიანი ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში გაემგზავრა.
სამშაბათს თბილისში ქართულ–ირანული ბიზნეს–ფორუმი გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ სავაჭრო–ეკონომიკური, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის და ინფრასტრუქტურული პროექტების გაღრმავებაში. ირანი ასევე დაინტერესებულია საქართველოს გავლით ევროპაში საქონლის ტრანზიტის შესაძლებლობით.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხს, ასევე — ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ირანის ისლამური საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ირანი პოზიტიურად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.
„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ორმხრივი ინტერესია. წელს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია და ვფიქრობთ, დღეს შეიძლება, თვისობრივად ახალი ურთიერთობების დაწყებაზე ვისაუბროთ“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარემ ასევე დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.
საქართველოს პრემიერის ირანში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებზე ხელმოწერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის.
ირანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გაცვლისა და ირანული ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მოწოდების კუთხით.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ვიზიტი ირანში ქვეყნის პირველ ვიცე–პრემიერ ესჰაყ ჯაჰანგირთან შეხვედრით დაიწყო.