საქართველომ და ირანმა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის კორიდორის საკითხი განიხილეს

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი ირანში
გიორგი კვირიკაშვილი ირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ირანის პირველი ვიცე-პრეზიდნეტი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო კორიდორის განვითარების კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik.  სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო კორიდორის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირის ერთობლივი პრესკონფერენციის ძირითადი თემები.

კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად,  ირანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ორი ქვეყნის სამინისტროებსა და ასევე კერძო კომპანიებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს მოეწერა ხელი.

 „შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მათ განსახორციელებლად. კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ირანიდან ტურისტების ნაკადის გაზრდის საკითხი, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე.

 „ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ტურისტულ სააგენტოებს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი ქართველი ტურისტი ეწვიოს ირანს. ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ყველა ის ბარიერი მოვხსნათ, რომელიც შეიძლება არსებობდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ურთიერთობაში“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჯაჰანგირმა ასევე ყურადღება გაამახვილა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე. 

ირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ირანში შეხვედრები გამართა

 „წინა შეხვედრებზე მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია მათი შესრულების პროცესის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ დერეფნის საწყისი ქვეყნებია ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო შავი ზღვისპირეთი, ან — ირანი-სომხეთი-საქართველო შავი ზღვისპირეთი", — განაცხადა ჯაჰანგირმა.

მან ასევე აღნიშნა ირანი-საქართველო-სომხეთი-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის თაობაზე ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა, წლის სხვადასხვა პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის გაცვლა.

 „ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით საბანკო ურთიერთობების აუცილებლობას, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარდეს სავაჭრო თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, ამ მხრივ შედეგს მალე მივაღწევთ", — განაცხადა ჯაჰანგირმა.

საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მხარეები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.


ყველა ახალი ამბავი
0