თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად, ათონელის ქუჩაზე სახლის სახურავიდან რკინის ფილები ჩამოცვივდა და ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც მანქანა დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.
„ჯერჯერობით არსებითი დაზიანებები არ გვაქვს, ერთია ძველი სკოლის ტერიტორია, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულები არიან მთაწმინდის რაიონში, სახურავის ნაწილი ახადა, რაიონული გამგეობა ადგილზეა, რათა მოაწესრიგონ. წაქცეულია რამდენიმე ხე,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან და რუსთავიდან გამოძახებებმა იმატა. გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა ვარკეთილში, დიდი დიღომში, გლდანში, ნუცუბიძის პლატოზე და ასევე რუსთავში.
ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე ხეებიდან ტოტები მოტეხა. ასევე სარეკლამო ბანერები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ავტომანქანები.