საქართველო უამინდობის ტყვეობაში: ქარიშხალი, შტორმი და თოვლი

გამოწერა
თბილისსა და რუსთავში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, შავი ზღვის სანაპიროზე კი 5-ბალიანი შტორმია.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ქარი თბილისსა და რუსთავში დილიდან გაძლიერდა, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, იუწყებიან საქართველოს ცენტრალური ტელეკომპანიები. 

ამინდი საქართველოში - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: ქარი და ზოგან – წვიმა

გუშინ, სინოპტიკოსებმა მოსახლეობა მოსალოდნელი ქარიშხალის შესახებ გააფრთხილეს. შაბათს თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე დღისით ქარის სიძლიერემ წამში 32 მეტრს მიაღწია.

„გასულ ღამესთან შედარებით ქარი დილის 10 საათიდან გაძლიერდა. ფაქტობრივად, ღამემ მშვიდად ჩაიარა… ამ დროისათვის დაფიქსირებულია 100-ზე მეტი გამოძახება“, — განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, ძირითადად შემოდის შეტყობინებები სახურავის კონსტრუქციის ჩამონგრევის, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და ხეების წაქცევის შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამმართველოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, შექმნილია დამატებითი ბრიგადები.  ამ დროისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, აღნიშნა გელაშვილმა.

უამინდობის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა, 8 წლის ბავშვი დაშავდა. მშობლების თქმით, ძლიერი ქარის გამო ბავშვმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, წაიქცა და თავი დაარტყა. ამჟამად ბავშვი იმყოფება საავადმყოფოში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ძლიერი ქარი - Sputnik საქართველო
თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ქარმა ძირითადად პრობლემები შექმნა გლდანში, დიდ დიღომში, ისანსა და ნუცუბიძის პლატოზე, იუწყება ონლაინ-ტელევიზია „პალიტრა“.

ანალოგიური სიტუაციაა რუსთავშიც.

„მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და სიტუაციაშია ჩართული. ადგილებზე გავდივართ, ვითარებას ვსწავლობთ… ხვალიდან უკვე ზარალის დათვლას დავიწყებთ“, — განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ნავროზაშვილიმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

რუსთავში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, ერთი ხე მანქანას დაეცა.  

ქარის შედეგად ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის გამო რუსთავის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ელექტროენერგიისა გარეშეა დარჩენილი, მათ ასევე არ მიეწოდებათ წყალი, იუწყება ტელეარხი „ტვ ქვემო ქართლი“

ამინდი საქართველოს თითქმის  მთელ ტერიტორიაზე გაუარესდა. შავი ზღვის  სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია, მთაში კი თოვლი მოვიდა.

ძლიერი ქარი საქართველოში კვირასაც არის მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


ყველა ახალი ამბავი
0