თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დავით ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან (Vazil Hudak).
„საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე,“ — აღნიშნა ქუმსიშვილმა ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, 2016 წლის განმავლობაში ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში, რომლის ოდენობამაც 1 მლრდ ევროს მიაღწია.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის“ პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის”.
აშშ-ში ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.